თენგიზ ცერცვაძე - „ბიბისის“ შეფასება კარგია ქვეყნისთვის და ცუდია სკეპტიკოსებისა და ურწმუნოებისთვის
თენგიზ ცერცვაძე - „ბიბისის“ შეფასება კარგია ქვეყნისთვის და ცუდია სკეპტიკოსებისა და ურწმუნოებისთვის

სასიამოვნოა, როდესაც ისეთი ავტორიტეტული სტრუქტურა, როგორიც „ბიბისია“, რომელიც მსოფლიო საინფორმაციო საშუალებების პირველ სამეულში შედის, თავისი ავტორიტეტით, ასე გაფასებს, მაგრამ აქ გასაკვირი არაფერია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა.

„ბიბისიმ“ უბრალოდ დააფიქსირა ის, რაც არის. კარგია, რომ დააფიქსირა. შეეძლო, რომ ასე ვთქვათ, გაეტარებინა ეს, მაგრამ არ გააკეთა. „ბიბისი“ იმიტომ არის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საინფორმაციო საშუალება, რომ მის ავტორიტეტს ისიც განსაზღვრავს, რომ ყველაფერზე რეაგირებს. აღნიშნავს იმას, რაც მიღწევებია, აფრთხილებს მსოფლიოს, თუ რა რისკებია. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა ის, რაც „ბიბისიმ“ დაწერა, მაგრამ მსგავსი ანალოგიური შეფასებები ჩვენ ვნახეთ „ვაშინგტონ პოსტში“, ვნახეთ გაერო-ს ხელმძღვანელობისგან, ჯანმოს ხელმძღვანელობისგან, ამერიკის პრეზიდენტიდან. ასე რომ, გასაკვირი და ახალი „ბიბისის“ შეფასებაში არაფერი ყოფილა. უბრალოდ კარგია, რომ ამის კონსტატაცია კიდევ ერთხელ მოხდა და ეს უპირველეს ყოვლისა, ვიტყოდი, რომ ძალიან კარგია ქვეყნისთვის და ცუდია იმ სკეპტიკოსებისთვის და იმ ურწმუნოებისთვის, რომლებსაც ჯიუტად არ უნდათ, დაიჯერონ, რომ ასეა. რომლებსაც არ სჯერათ ჩვენი, არ სჯერათ ჩვენი საინფორმაციო საშუალებების. ახლა თუ „ბიბისისაც“ არ დაუჯრებენ, მაშინ ვის დაუჯერებენ. აი, ამისთვის ჰქონდა „ბიბისის“ ამ პუბლიკაციას მნიშვნელობა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ბრიტანულმა მაუწყებელმა „ბიბისიმ“ ქართველი ეპიდემილოგების შესახებ სტატია გამოაქვეყნა სათაურით – „როგორ დაეხმარა „სამი მუშკეტერი“ საქართველოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში“. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველო მოხვდა 15 ქვეყნის სიაში, რომლებსაც ევროკავშირი საკმარისად უსაფრთხოდ მიიჩნევს იმისთვის, რომ საზღვრების გაუხსნას. საქართველო ერთადერთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაა, რომელმაც ეს სტატუსი მოიპოვა.

დატოვე კომენტარი