თენგიზ ცერცვაძე - არაობიექტური შეფასებებ​ი მოსახლეობასა და ექიმებშიც გულის დაწყვეტას იწვევს, შეიძლებოდა, ამას გამოეწვია ეპიდემიასთან ბრძოლის ენთუზიაზმის განელება, მაგრამ მსგავსი არაფერი შეიმჩნევა
თენგიზ ცერცვაძე - არაობიექტური შეფასებებ​ი მოსახლეობასა და ექიმებშიც გულის დაწყვეტას იწვევს, შეიძლებოდა, ამას გამოეწვია ეპიდემიასთან ბრძოლის ენთუზიაზმის განელება, მაგრამ მსგავსი არაფერი შეიმჩნევა

არაობიექტური შეფასებებ​ი მოსახლეობაშიც და ექიმებშიც გულის დაწყვეტას იწვევს, შეძლება ამას გამოეწვია ხელების ჩამოშვება, ან ეპიდემიასთან თავგანწირული ბრძოლის ენთუზიაზმის განელება, მაგრამ არა, შეიმჩნევა მხოლოდ გულის დაწყვეტა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაში „მოამბე“ განაცხადა.

ცერცვაძის განცხადებით, რაც არ უნდა სკეპტიკოსი იყო და რაც არ უნდა ნეგატიურად იყო განწყობილი იმ შედეგების მიმართ, რასაც მიაღწია საქართველომ, ფაქტებს ვერავინ ვერ უარყოფს. მისივე თქმით, ყველაფერს შედეგები განსაზღვრავს.

„საქართველოში ავადმყოფების ყველაზე დაბალი რაოდენობაა ევროპაში, გარდაცვლილთა კიდევ უფრო დაბალი რაოდენობა ერთ მილიონ მოსახლეზე. მგონი, ევროპაში საერთოდ ყველაზე დაბალია, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ჯუჯა სახელმწიფოს. ამ შედეგებს გვერდს ვერ აუვლის ვერც კეთილის მოსურნე და ვერც სკეპტიკოსი. ასეთი ინსინუაციები მოსახლეობაზეც და ექიმებზეც გულის დაწყვეტის გრძნობას იწვევს ყველაზე მეტად. შეძლება ამას უფრო რაიმე ცუდი გამოეწვია, ხელების ჩამოშვება ან ეპიდემიასთან თავგანწირული ბრძოლის ენთუზიაზმის განელება, მაგრამ ამის მსგავსი არაფერი არ შეიმჩნევა. შეიმჩნევა მხოლოდ გულის დაწყვეტა იმის შესახებ, რომ კეთდება ზოგჯერ არასწორი და არაობიექტური შეფასება. ეს სერიოზულ გავლენას ახდენს ექიმების იმ ნაწილზე, ვინც ჩართულია საქმეში, ისინი ერთსულოვანი არიან, რომ ძალიან დიდი შემართებით გააგრძელონ ასეთი წარმატებული ბრძოლა“,- განაცხადა ცერცვაძემ.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ადრე თუ გვიან ყველა იძულებული იქნება, მტკიცებულებების წინაშე აღიაროს, რომ ქვეყნის, ჯანდაცვის სამინისტროსა და მთავრობის პოლიტიკა არის წარმატებული.

„სკეპტიკოსები ამ ეტაპზე ცდილობენ, შექმნან რაღაც წარმოდგენა, რომ თითქოს რაღაც ისე არ კეთდება საქართველოში, როგორც უნდა კეთდებოდეს, მიუხედავად ასეთი აშკარა დადებითი შედეგის. მაგრამ დიდი იმედი მაქვს, ისინი რეალური მტკიცებულებების წინაშე უძლური იქნებიან და თავის პოზიციას შეცვლიან და ისევ გამთლიანდება საქართველოში საზოგადოებრივი და ექიმების აზრი, როგორც ეს იყო მთლიანი ეპიდემიის პირველი ორი თვის მანძილზე.

ეპიდემიის პირველი თვენახევრის მანძილზე მთელი საზოგადოება, დამოუკიდებლად პოლიტიკური, რელიგიური, თუ სამედიცინო მიდგომებში განსხვავებისა, ერთიანი იყო. დღეს შეიმჩნევა რაღაც განსხვავება, მცირე დაპირისპირება. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს დროებითია. ფაქტები იმდენად უტყუარია დადებული, რომ ადრე თუ გვიან ყველა იძულებული იქნება, ამ მტკიცებულებების წინაშე აღიაროს, რომ ქვეყნის, ჯანდაცვის სამინისტროსა და მთავრობის პოლიტიკა არის წარმატებული და ისევ გაერთიანდება“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.