თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული სამივე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული სამივე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორ თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში ამ დროისათვის  35 პაციენტი იმყოფება.

მისივე თქმით, 16 პაციენტის შემთხვევაში უკვე აღებულია ცხვირ-ხახის ნიმუშები და კორონავირუსზე ტესტის პასუხი დღის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.

ამასთან, ცერცვაძის განმარტებით, გუშინ 20 პაციენტს აუღეს ანალიზი და არცერთის შემთხვევაში კორონავირუსი არ დადასტურდა. მათგან 10 პაციენტი უკვე საკარანტინო სივრცეში იმყოფება, ათს კი დღის ბოლოსთვის გადაიყვანენ.

რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებულ სამ პაციენტს, თენგიზ ცერცვაძის თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობა არ გაზრდილა და არის ისევ სამი. მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აქედან ერთ შემთხვევაში ვირუსი მიმდინარეობს უსიმპტომოდ, დანარჩენ ორს კი აღენიშნებათ დაბალი ტემპერატურა და მსუბუქი ხველა. შესაბამისად, მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს პროცესი. ყველა მათგანი ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.