თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ კორონავირუსით დაავადებული ორივე პაციენტი თავს კარგად გრძნობს
თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ კორონავირუსით დაავადებული ორივე პაციენტი თავს კარგად გრძნობს

კორონავირუსს ახასიათებს ჩვეულებრივი მწვავე რესპირაციული ინფექციის სიმპტომები, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა სიმპტომები ახასიათებს კორონავირუსს და რას უნდა მიაქციონ განსაკუთრებული ყურადღება მოქალაქეებმა.

„ჩვეულებრივ, ეს არის ტემპერატურის მატება, ხველა, ყელის ტკივილი, ცხვირში გაჭედვის შეგრძნება და შემდეგ, უფრო იშვიათად, სისუსტე, მიალგია, ლაბორატორიულად – ლეიკოპენია, ლიმფოპენია და სხვა. გრიპისგან განსხვავებით, ძალიან იშვიათია ისეთი სიმპტომები, როგორიც არის თავის ტკივილი. სისხლიანი ნახველი სულ ხუთ პროცენტში გვხვდება, ხოლო დიარეა – სამ პროცენტში. ამ სიმპტომებს უნდა მიაქციონ ყურადღება, მაგრამ ზამთრის პერიოდში ეს სიმპტომები ათეულ ათასობით ადამიანს აქვს და ამიტომ, უნდა იყოს ამ სიმპტომების ბმა ეპიდანამნეზთან. ანუ, ამ სიმპტომებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ იმ ადამიანებმა, რომლებმაც მაღალი რისკის ქვეყნებში იმოგზაურეს ან ავადმყოფობის სავარაუდო შემთხვევასთან იყვნენ მჭიდრო კონტაქტში“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ვირუსის მატარებელი ორივე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„უფრო მეტიც, როდესაც ისინი შემოვიდნენ, პრაქტიკულად, სიმპტომებიც არ ჰქონდათ და შეიძლებოდა, მსუბუქ ან უსიმპტომო შემთხვევად ჩაგვეთვალა. შემდეგში, დღეს უკვე, ჰქონდათ ტემპერატურის მცირე მომატება – ერთს 37.4, მეორეს კი 37.6, მაგრამ მეტი არაფერი. თავს კარგად გრძნობენ, დამაკმაყოფილებლად. ბუნებრივია, როდესაც თავიანთი დიაგნოზი გაიგეს, გარკვეული სტრესის ქვეშ მოექცნენ, მაგრამ ორივე ძალიან გაგებით მოეკიდა, ოპტიმისტურად არიან და არავითარი პრობლემა არ იქმნება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ორივე შემთხვევა თვალნათელი მაგალითია იმისა, რომ ეს დაავადება ყოველთვის მძიმედ არ მიდის, მაგრამ ის ფაქტორი, რომ ვირუსი შესაძლოა, უსიმპტომოდაც მიმდინარეობდეს, ეპიდემიის გავრცელებასთან საბრძოლველად ძალიან სერიოზულ პრობლემას ქმნის.

„80 პროცენტი შეიძლება მსუბუქად, სუბკლინიკურად და უსიმპტომოდაც კი მიდიოდეს. ეს ამ ეპიდემიის გავრცელებასთან საბრძოლველად ძალიან სერიოზულ პრობლემას ქმნის, რადგან რა მექანიზმები გვაქვს უსიმპტომო და თუნდაც, მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტები შევაკავოთ? ამას ძალიან ბევრი მეკითხება, მაგრამ უნივერსალური რეცეპტი არ არის. ზამთრის პერიოდია და შეიძლება, ათეულ ათასობით ადამიანს ჰქონდეს მწვავე რესპირაციული ინფექციების მცირე სიმპტომები – ერთი-ორჯერ წამოახველოს, ყელი ეტკინოს, ტემპერატურა ჰქონდეს 37 ან 37.1 და რა ვქნათ ახლა, ყველას ხომ ვერ გავწვდებით, რომ ყველა კლინიკაში მოვიყვანოთ, ჩავუტაროთ გამოკვლევები და თუნდაც, ის სპეციფიკური ტესტები, რომელსაც ლუგარის ლაბორატორია აკეთებს?“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, პირველი შემთხვევაა, როდესაც ყველამ თვალნათლივ დაინახა ის სიკეთე, რასაც ლუგარის ლაბორატორია წარმოადგენს, რომელსაც ბევრი არაკეთილმოსურნე ეჭვქვეშ აყენებდა.

„საქართველო იყო მსოფლიოში მეხუთე თუ მეექვსე ქვეყანა, რომელმაც ამ ტესტების კეთება დაიწყო. ამ ლაბორატორიის მიერ ფაქტობრივად, უსიმპტომო პაციენტებთან ეს გამოკვლევა რომ არ ჩატარებულიყო, მათ არავინ დააკავებდა, როგორც პაციენტებს; ისინი წავიდოდნენ, საზოგადოებაში გავიდოდნენ და თითოეულ მათგანს შეეძლო, ათი, ოცი, ოცდაათი, ორმოცი ადამიანი დაესნებოვნებინა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გადაცემით საზოგადოებრივი მაუწყებელი ძალიან დიდ საქმეს აკეთებს და ასევე მნიშვნელოვანია, სპეციალისტების შეკრება მოხდეს, რათა იმსჯელონ, როგორ მოხდეს კრიტერიუმების შემუშავება, რომ ასეთი შემთხვევები არ გაიპაროს და მეორე მხრივ, გონივრულ ჩარჩოებში მოექცეს უცხო ქვეყნებიდან დაბრუნებულ მცირესიმპტომიან, ან უსიმპტომო პაციენტთა სკრინინგი.