თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ გარდაცვალების პიკი კორონავირუსის გავრცელების პიკის პერიოდს 2-3 კვირით ჩამორჩება, რის გამოც ლეტალური შემთხვევები ჯერ არ იკლებს
თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ გარდაცვალების პიკი კორონავირუსის გავრცელების პიკის პერიოდს 2-3 კვირით ჩამორჩება, რის გამოც ლეტალური შემთხვევები ჯერ არ იკლებს

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ეპიდვითარების სტაბილიზაციის ნიშნებია.

მან ასევე განმარტა, სტაბილიზაციის ტენდენციასთან ერთად, რატომ არ იკლებს კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა. ცერცვაძის თქმით, გარდაცვალების პიკი კორონავირუსის გავრცელების პიკის პერიოდს 2-3 კვირით ჩამორჩება.

„ბოლო დღეების ტენდენციას თუ გავითვალისწინებთ, სახეზეა ახალი შემთხვევების სტაბილიზაცია. 5-6 ათასი ინფიცირებული იყო, ახლა კი ბოლო ორი დღეა, დაახლოებით ოთხი ათასის ფარგლებშია. რეგულაციებს თუ დავიცავთ, მათ შორის პირბადის ტარებას, განსაკუთრებით რეგიონებში, დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი შემთხვევების კლების ტენდენცია იქნება სტაბილური.

რაც შეეხება გარდაცვალების შემთხვევებს, რაც ყველაზე მეტ შეშფოთებას იწვევს, ვინაიდან 70 და მეტი გარდაცვლილი საქართველოს ზომის ქვეყნისთვის ბევრია, უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქმე გვაქვს უმძიმეს გამოწვევასთან, რომელმაც მთელი მსოფლიო დააზიანა. ოთხ მილიონ ნახევარზე მეტი გარდაცვლილია მსოფლიოში, თუმცა ეს ჩვენთვის ნაკლები შეღავათია. ჩვენ ვწუხვართ ჩვენს გარდაცვლილებზე და მტკივნეულად განვიცდით, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსაც 700 000-მდე გარდაცვლილი ჰყავს. მეკითხებიან, შემთხვევები შემცირდა, თუმცა გარდაცვალებამ იმატაო, ეს პროგნოზირებადი იყო, რადგან ბევრმა იცის, რომ როგორც წესი, გარდაცვალების პიკი ახალი შემთხვევების მატების პიკს 2-3 კვირით ჩამორჩება. ბუნებრივია, ახლად დაინფიცირებული ავადმყოფების გარდაცვალება იმავე დღეს კი არა, ორი ან სამი კვირის შემდეგ ხდებოდა. ეს პროგნოზირებადი და ცნობილი ფაქტია. ვფიქრობ, სწორედ ახლაა გარდაცვალების პიკი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.