თენგიზ ცერცვაძე - 86 წლის ქალი ყველაზე მძიმე პაციენტი იყო, ჰქონდა მძიმე თანმხლები ნევროლოგიური დაავადება, ორმხრივი პნევმონია, სეფსისი, ეს შედეგი გარდაუვალი იყო
თენგიზ ცერცვაძე - 86 წლის ქალი ყველაზე მძიმე პაციენტი იყო, ჰქონდა მძიმე თანმხლები ნევროლოგიური დაავადება, ორმხრივი პნევმონია, სეფსისი, ეს შედეგი გარდაუვალი იყო

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, 86 წლის ქალს, რომელიც მათ ცენტრში დღეს გარდაიცვალა, ასაკთან ერთად მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა და მისი გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა.

„დღეს, სამწუხაროდ, ჩვენთან, ჩვენს ცენტრში დაფიქსირდა კოვიდ19-ით გარდაცვალების კიდევ ერთი, რიგით მესამე შემთხვევა ქვეყნისთვის და პირველი ჩვენი ინფექციური საავადმყოფოსთვის. მინდა, გითხრათ, რომ ეს გარდაუვალი იყო. ჩემს გამოსვლებში ყოველთვის ვამბობდი, რომ მუდმივად ნოლს ვერ შევინარჩუნებთ სიკვდილიანობის გრაფაში. ეს იყო 86 წლის ქალი, რომელიც ორ კვირაზე მეტი ხანი იმყოფებოდა ჩვენთან. ის იყო ყველაზე მძიმე პაციენტი, რაც კი ეპიდემიის დაწყებიდან შემოსულა კლინიკაში. გარდა იმისა, რომ იყო 86 წლის, ჰქონდა მძიმე თანმხლები ნევროლოგიური დაავადება, მძიმე ორმხრივი პნევმონია, რომელიც შეფასებული იყო მაქსიმალური 24 ქულით, რაც იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად არ იყო დარჩენილი ჯანმრთელი ფილტვის ქსოვილი, ჰქონდა მძიმე სეფსისი და კიდევ სხვა მძიმე გართულებები და თანმხლები მოვლენები“, –  განაცხადა ცერცვაძემ.

საქართველოში დღეს კორონავირუსით გარდაცვალების მესამე შემთხვევა დაფიქსირდა.