თენგიზ ცერცვაძე - 83 წლის პაციენტს, რომელიც პრაქტიკულად განწირული იყო, ორჯერ გადავუსხით პლაზმა, ასევე გამოვიყენეთ მედიკამენტი „ტოცილიზუმაბი“ და ის კრიტიკული მდგომარეობიდან გამოვიდა
თენგიზ ცერცვაძე - 83 წლის პაციენტს, რომელიც პრაქტიკულად განწირული იყო, ორჯერ გადავუსხით პლაზმა, ასევე გამოვიყენეთ მედიკამენტი „ტოცილიზუმაბი“ და ის კრიტიკული მდგომარეობიდან გამოვიდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, პლაზმის მეთოდით მკურნალობამ ერთ პაციენტთან ცალსახად დადებითი შედეგი გამოიღო, ხოლო მეორე, კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

„ჯერჯერობით ერთ პაციენტთან გამოიღო ცალსახად დადებითი შედეგი, რაც გამოიხატა იმაში, რომ ვირუსი გაქრა, ხოლო მეორე პაციენტში, რომელიც განსაკუთრებით მძიმე იყო, კრიტიკულად მძიმე და პრაქტიკულად განწირული, სხვა მედიკამენტებით და სხვა საშუალებებით მკურნალობა იყო უშედეგო და მოსალოდნელი იყო ლეტალური ეფექტი, ჩვენ იქ გამოვიყენეთ ორჯერ, ორჯერ გადავასხით პლაზმა და არამარტო პლაზმა, ჩვენ იქ ასევე გამოვიყენეთ მეორე ინოვაციური მიდგომა, მედიკამენტი „ტოცილიზუმაბი”. ეს პაციენტი კრიტიკული მდგომარეობიდან გამოვიდა. ანუ, მას აღარ აღენიშნება სიცოცხლისთვის სახიფათო დარღვევები, აღარ არის ჟანგბადდამოკიდებული, ლაბორატორიული პარამეტრები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, მაგრამ ჯერ შორს ვართ იმისგან, რომ ვთქვათ, ეს პაციენტი გადავარჩინეთ.

ეს პაციენტი არის 83 წლის ქალბატონი, რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ამიტომ ჩვენ არ ვჩქარობთ საბოლოო შედეგების გამოქვეყნებას. ეს არ იქნება სწორი, როდესაც რამდენიმე დღეში საბოლოოდ გახდება ნათელი, ეს პაციენტი სტაბილურად წავიდა გაუმჯობესებისკენ, თუ ეს გაუმჯობესება იყო დროებითი და ის შეიძლება, კვლავ დამძიმდეს, ამის შემდეგ საბოლოო ანალიზის შედეგებს დავდებთ“,- განაცხადა ცერცვაძემ.