თენგიზ აბულაძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული 27 იანვარს დაიწყება
თენგიზ აბულაძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული 27 იანვარს დაიწყება

საქართველოს ეროვნულ არქივში რეჟისორ თენგიზ აბულაძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კვირეული 27 იანვარს, 17:00 საათზე გაიხსნება.

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, საღამოზე მაყურებელს საშუალება ექნება, დაათვალიეროს თენგიზ აბულაძის ფილმების რარიტეტული პოსტერების გამოფენა, გაეცნოს  ნანა  ჯანელიძისა და ნინო ნატროშვილის წიგნს – „თენგიზ აბულაძე – ანარეკლები“, რომელშიც თავმოყრილია თენგიზ აბულაძის თანამედროვეების, მისი ჯგუფის წევრების მოგონებები და ქართული კინოს ოქროს ხანის ერთგვარ პანორამას წარმოადგენს. ამავე წიგნშია უნიკალური ფოტომასალა აბულაძის გადაღებებიდან. ეს წიგნის მესამე გამოცემაა და მას ამჯერად ახორციელებს გამომცემლობა „სეზან ფაბლიშინგი“.

მათივე ცნობით, ასევე, ნაჩვენები იქნება  ნანა ჯანელიძის დოკუმენტური ფილმი „თენგიზ აბულაძე – ნატვრის ხე“ (2002 წ.) და თენგიზ აბულაძის მხატვრული ფილმი  „სამკაული ჩემი სატრფოსთვის“ (1971 წ.) (აღდგენილი ვერსია).

მსოფლიოში აღიარებული, გამორჩეული ქართველი რეჟისორის, თენგიზ აბულაძის ფილმებს სხვადასხვა დროს არაერთი საერთაშორისო პრიზი აქვს მიღებული.

1956 წელს, კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე თენგიზ აბულაძისა და რეზო ჩხეიძის ფილმი „მაგდანას ლურჯა“  საუკეთესო მხატვრულ ფილმად აღიარეს.

ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების მიხედვით გადაღებულ, ტრილოგიის პირველ ფილმს, „ვედრებას“ 1974 წელს სან-რემოს საავტორო ფილმების XVII საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი პრემია „გრან პრი“ გადაეცა.

ტრილოგიის მესამე ფილმმა – 1984 წელს გადაღებულმა „მონანიებამ“ კი, სხვა მრავალ ჯილდოსთან ერთად, კანის  მე-40 კინოფესტივალის  „გრან პრი“ მიიღო და  ფესტივალის ტრიუმფატორი გახდა. ფსიქოლოგიური დრამამ, რომელიც თენგიზ აბულაძემ ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში გადაიღო და წლების განმავლობაში აკრძალული იყო მისი ჩვენება, ევროპაში დიდი გამოხმაურება ჰპოვა, მას „პერესტროიკის“ და ახალი მსოფლიოს მერცხალს უწოდებდნენ. ფილმის მთავარი გმირი ბევრმა სტალინის პროტოტიპად აღიქვა, თუმცა ვარლამ არავიძის სახით ავტორმა დიქტატორის განზოგადოებული სახე შექმნა, რომელიც როგორც საბჭოთა, ისე ყველა ეპოქის და ქვეყნის დიქტატორის განსახიერებად იქცა.

1987 წელს კანში „მონანიებას“ სამი პრიზი გადაეცა: ფესტივალის გრან პრი, ეკუმენისტური ეკლესიის ჟიურის პრიზი ჰუმანიზმისთვის და  „ფიპრესის“ (კინოპრესის საერთაშორისო ფედერაციის) პრიზი.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელი „მონანიებისთვისაც“ საიუბილეოა – ფილმის გადაღებიდან 40 წელი სრულდება.

რეჟისორის საიუბილეო კვირეული, 31 იანვრის ჩათვლით, საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში თენგიზ აბულაძის ფილმების რეტროსპექტიული ჩვენებებით გაგრძელდება.