თემურ შონია „გაგრაში“ ითამაშებს - „ლოკომოტივი“ რომ არ დაშლილიყო, არსად გადავიდოდი #1TVSPORT
თემურ შონია „გაგრაში“ ითამაშებს - „ლოკომოტივი“ რომ არ დაშლილიყო, არსად გადავიდოდი #1TVSPORT

თემურ შონია კარიერას ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულ „გაგრაში“ გააგრძელებს – ამის შესახებ თბილისის „ლოკომოტივიდან“ წამოსულმა ნახევარმცველმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.

„სეზონის შემდეგ „ლოკომოტივი“ ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა, ბევრი ახალ გუნდში გადავიდა და ჩემი გუნდიც, ფაქტობრივად, გარკვეულია. მართალია, ჯერ კონტრაქტი არ გამიფორმებია, მაგრამ „გაგრასთან“ შევთანხმდი. კონტრაქტის პირობებია შესათანხმებელი, დეტალებს ახლა ვარკვევ, მაგრამ ეს ფორმალური მხარეა“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან თემურ შონია.

31 წლის ნახევარმცველმა თავის ყოფილ კლუბს მადლობა გადაუხადა – მისი თქმით, „ლოკომოტივი“ რომ არ დაშლილიყო, სხვაგან არ გადავიდოდა.

„ასეთი გუნდი არ უნდა დაშლილიყო. ყველაფერი დალაგებული იყო – გუნდს საკუთარი ბაზა და სტადიონი ჰქონდა, თავად გუნდშიც ისეთი კარგი გარემო იყო… გული მწყდება, რომ ეს ყველაფერი უკვე წარსულია. მადლობის მეტი არაფერი მეთქმის „ლოკომოტივზე“ – ხელმძღვანელობით დაწყებული და პერსონალით დასრულებული. რომ არ დაშლილიყო, გუნდიდან არ წამოვიდოდი“, – ამბობს შონია.

მან ქართულ ფეხბურთში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა.

„სეზონისთვის მზადებამდე ორი კვირით ადრე გუნდები ვერ გეგმავდნენ, ვინ აეყვანათ და შეკრება სად და როდის ჩაეტარებინათ. ეს იმის შედეგია, რომ ყველა გუნდი ფეხბურთის განვითარების ფონზე გადაწყვეტილებას ელოდა, რაც გაურკვევლობას იწვევდა. სამწუხაროა, რომ ამის გამო „ლოკომოტივი“ დაიშალა. ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო“.