თემურ შაშიაშვილი - ქვეყანას დავით აღმაშენებლის პოლიტიკა სჭირდება
თემურ შაშიაშვილი - ქვეყანას დავით აღმაშენებლის პოლიტიკა სჭირდება

ქვეყანას დავით აღმაშენებლის პოლიტიკა სჭირდება, რადგან დავით აღმაშენებელმა გეოგრაფია პოლიტიკად აქცია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, თეიმურაზ შაშიაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დებატები 2018“ განაცხადა.

„ჩვენ ყველას ვჭირდებით და ფეხქვეშ არავის უნდა გავეგოთ. ჩვენ ისეთი პოლიტიკა უნდა გვქონდეს, საქართველოს ტერიტორიაზე დასაკარგი ნებისმიერ ქვეყანას ჰქონდეს. დიპლომატია აი, ეს არის“, – განაცხადა შაშიაშვილმა.

მისი თქმით, უნდა გამოიკვეთოს ქართული ინტერესი, რაზეც სხვა ყველაფერი დაფუძნდება, მის პროგრამაში კი პირდაპირ წერია ქვეყნის მისია, ეროვნული მიზანი და ნაციონალური იდეა.

„მე ვსაუბრობ არა ნეიტრალიტეტზე, არამედ ისეთ ხელისუფლებაზე, რომელიც გარედან არ მოიმართება, რადგან ნეიტრალიტეტის ფუნქცია, რაზეც ილია ჭავჭავაძიდან დაწყებული, ზვიად გამსახურდიათი დამთავრებული, ჩვენი წინაპრები საუბრობდნენ, რუსეთმა და საქართველოში მათმა წარმომადგენელმა, გიორგაძემ დაანგრია“, – განაცხადა შაშიაშვილმა.

ამ განცხადებით თეიმურაზ შაშიაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, როგორ ესახება მას იმის უზრუნველყოფა, რომ დიდი სახელმწიფოები, რომლებიც დღეს კავკასიის რეგიონში ერთმანეთთან პაექრობენ, ჩვენი სახელმწიფოს ნეიტრალიტეტის გარანტი გახდნენ, ან შეთანხმდნენ იმაზე, რომ ჩვენ თანამშრომლობის ტერიტორია ვართ და არა – პაექრობის.

პრეზიდენტობის კანდიდატმა წინასაარჩევნო გარემოც შეაფასა და აღნიშნა, რომ ის, რაც ქვეყანაში ხდება, საარჩევნო კამპანია არ არის და რაც არის, ცივილიზებული ქვეყნისთვის აბსოლუტურად მიუღებელია.

„თითო პარტიას ოთხი-ხუთი ცრუ კანდიდატი რომ ჰყავს, მეტი სიყალბე რა უნდა იყოს?! ამათგან რომელიმე კანდიდატი გინახავთ გამოსული?! მისი დრო სხვას აქვს აღებული. ხმების სიყალბით რომ მოდიხარ და რეკლამა სიყალბეზე გაქვს აგებული, როგორ შეიძლება, ქვეყნის პრეზიდენტი იყო?! ან, ქალაქი როგორ დაამახინჯეს. ქუჩაში რომ დადიან და თავიანთ ამდენ სურათს უყურებენ, არ რცხვენიათ?! და თუ ამის არ რცხვენიათ, როგორ შეიძლება, ასეთი ადამიანი პრეზიდენტი იყოს?!“, – განაცხადა თეიმურაზ შაშიაშვილმა.

დატოვე კომენტარი