თემურ ქეცბაიას კომენტარმა კვიპროსში დიდი რეზონანსი გამოიწვია #1TVSPORT
თემურ ქეცბაიას კომენტარმა კვიპროსში დიდი რეზონანსი გამოიწვია #1TVSPORT

კვიპროსის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას მიერ საქართველოს ნაკრებთან წაგების (1:2) შემდეგ გაკეთებულმა კომენტარმა კვიპროსში დიდი რეზონანსი გამოიწვია.

ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის შეხვედრას კვიპროსისა და საქართველოს ნაკრებებს შორის ლარნაკას „აეკ არენაზე“ ძალიან ცოტა კვიპროსელი დაესწრო, რაზეც მატჩის შემდეგ ქეცბაიამაც გაამახვილა ყურადღება – საკუთარ მოედანზე ვთამაშობდით და საქართველოს უფრო მეტი ადამიანი ქომაგობდაო, – განაცხადა ქართველმა სპეციალისტმა.

ქეცბაიას ნათქვამზე კომენტარი კვიპროსელმა მწვრთნელმა, ნიკოს პანაგიოტუმ Super Sport FM 104-თან გააკეთა და კვიპროსის ნაკრებზეც ისაუბრა.

„ძლიერი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ, რომელსაც მაღალი დონის მოთამაშეები ჰყავდა, ჩვენმა ნაკრებმა კარგად ითამაშა. რაც შეეხება თემურ ქეცბაიას გულისტკივილს გულშემატკივართა სიმცირეზე, მისი კარგად მესმის. საკითხს სხვა კუთხით თუ შევხედავთ, სანამ ნაკრებს შედეგი არ ექნება, გულშემატკივარი სტადიონზე არ მივა. ქომაგს შედეგი აინტერესებს. რატომ არ გვყავს ძლიერი ნაკრები? ეს ქეცბაიას ბრალი ნამდვილად არ არის.

სამწუხაროდ, პრობლემა ისაა, რომ ჩვენი კლუბები კვიპროსელ ფეხბურთელებს თამაშისა და განვითარების შანსს არ აძლევენ, ურჩევნიათ, უცხოელები ჩამოიყვანონ და ისინი ათამაშონ. ამიტომ ნაკრების ფეხბურთელებს სათამაშო პრაქტიკა აკლიათ და ვერაფერს აკეთებენ. კლუბების შემადგენლობაში ოთხი-ხუთი ადგილობრივი ფეხბურთელი მაინც რომ თამაშობდეს, ბევრად უკეთესი ნაკრები გვეყოლებოდა. ამიტომ მეტ ადგილობრივ ფეხბურთელს უნდა მიეცეს სათამაშო დრო და ეს ნაკრების შედეგზეც აისახება“, – ამბობს კვიპროსელი მწვრთნელი.