თემურ ქეცბაია - სუპერთასს ბევრი პრობლემით ვხვდებით, რაც კორონავირუსით არის გამოწვეული #1TVSPORT
თემურ ქეცბაია - სუპერთასს ბევრი პრობლემით ვხვდებით, რაც კორონავირუსით არის გამოწვეული #1TVSPORT

დღეს, 13 ივლისს, თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ კვიპროსის წლის პირველი ტიტულისთვის ქვეყნის ჩემპიონს, „ომონიას“ დაუპირისპირდება.

„ანორთოსისის“ პრესსამსახურთან ინტერვიუში გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და არ დამალა, რომ მისი გუნდი სეზონის გახსნას სერიოზული პრობლემებით ხვდება.

„სუპერთასის მატჩს ძალიან სერიოზულად ვეკიდებით. მაგრამ ჩვენ გვინდოდა ამ დღეს სულ სხვაგვარად შევხვედროდით. სამწუხაროდ, ჩვენ გვქონდა ბევრი პრობლემა, რაც კორონავირუსით არის გამოწვეული. ასევე პრობლემას ისიც გვიქმნის, რომ ზოგიერთი მოთამაშე ჯერ არ ჩამოსულა. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მივაღწევთ იმ დონეს, რომელიც გვსურს, მაგრამ მზადების დასაწყისში ვართ და გვინდა, რომ ეს მატჩი მოვიგოთ“, – განაცხადა ქეცბაიამ.

მან კონფერენს ლიგაზე მოახლოებულ შეხვედრაზეც ილაპარაკა.

„სუპერთასის მატჩი ევროსარბიელზე გასვლამდე მკაცრი გამოცდა იქნება. თუმცა ევროპულ თამაშებამდე სხვა ამხანაგური მატჩებიც დავგეგმეთ. უკვე სამი კვირაა, რაც ძალიან კარგად ვვარჯიშობთ. ყველა ძალიან ბევრს შრომობს. ერთადერთი, რაც გვაკლია ამხანაგური თამაშებია. სამწუხაროდ, ჩვენ არ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ის, რაც ხდება არა მხოლოდ აქ, არამედ მთელ მსოფლიოში. რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ სათანადოდ უნდა მოვემზადოთ მომავალი სერიოზული თამაშისთვის“.

სირთულეების მიუხედავად, ქეცბაია სეზონის ტიტულით დაწყებას იმედოვნებს.

„ჩვენ შევეცდებით სუპერთასის მატჩი მოვიგოთ. ეს არ იქნება ადვილი. მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სუპერთასი ჩვენს ხელთ არსებული მოთამაშეებით მოვიპოვოთ. ჩვენ დაგვაკლდება სასტარტო შემადგენლობის მოთამაშეები, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს საშუალებას გვაძლევს, საქმეში სხვა მოთამაშე ვიხილოთ“.