თემურ ქეცბაია - სატრანსფერო „ფანჯარა“ გაიხსნება და ფეხბურთელების დამატება დაგვჭირდება #1TVSPORT
თემურ ქეცბაია - სატრანსფერო „ფანჯარა“ გაიხსნება და ფეხბურთელების დამატება დაგვჭირდება #1TVSPORT

„კარგი ფეხბურთელები გვყავს, გამოცდილებიც, ახალგაზრდებიც, მაგრამ ბევრად უკეთესი დონე გვინდა“, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან თემურ ქეცბაიამ განაცხადა, რომლის მოსვლის შემდეგაც „დინამო თბილისი“ რადიკალურად შეიცვალა, წაუგებელი სერია ჩემპიონ „იბერიასთან“ მოგებით გააგრძელა და აუტსაიდერებიდან მეორე ადგილზე დაწინაურდა.

„მალე სატრანსფერო „ფანჯარა“ გაიხსნება და 2-3 ფეხბურთელის დამატება მაინც დაგვჭირდება. მიხარია, რომ კარგი თამაშები მოვიგეთ, მათ შორის ლიდერებთან. „იბერიასთანაც“ რთული თამაში გვქონდა. მაგრამ ვფიქრობ, ამ მატჩების მოგებას ვიმსახურებდით. წარმატებული სერია ბიჭების დამსახურებაა და იმედია, ასეც გაგრძელდება.

მთავარია სწორი ვარჯიში, საქმისადმი მიდგომა, ჟინი და ბრძოლა, რომლის გარეშეც წარმატებას ვერავინ მიაღწევს. მადლობა გულშემატკივრებს, რადგან ხალხის ინტერესი გაიზარდა და „იბერიასთან“ საკმაოდ ბევრი ადამიანი (6-7 ათასი) მოვიდა. თბილისში მილიონ-ნახევარი ადამიანი ცხოვრობს და, წესით, ეროვნულ ლიგაში „დინამოს“ მატჩებზე მეტიც უნდა დადიოდეს“.