თემურ ქეცბაია - ლიეტუვასთან მოგება ფსიქოლოგიურად დაგვეხმარება #1TVSPORT
კვიპროსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ კომენტარი გააკეთა ლიეტუვასთან ერთა ლიგის პირველ ტურში სტუმრად მოპოვებული გამარჯვების (1:0) შემდეგ, რაც 713-დღიანი პაუზის შემდეგ გუნდისთვის პირველი გამარჯვება იყო.
„ბევრი ვიბრძოლეთ და ბიჭებმა აჩვენეს ის თვისებები, რასაც აქამდე არ ავლენდნენ – ემოცია და ხასიათი. თამაში არც ისე კარგად დავიწყეთ, ვიცოდით, ლიეტუვა როგორ თამაშობს და ამ საფრთხეებს გავუმკლავდით.
ბურთს ვერ ვაკონტროლებდით, მაგრამ შანსი გაგვიჩნდა და გოლი გავიტანეთ. მეორე ტაიმში კი ლიეტუვამ ჩვენს კართან რეალური მომენტი ვერც შექმნა. ამაში ცვლილებებიც დაგვეხმარა. დაახლოებით ჩვენი დონის გუნდთან მოვიგეთ და ეს წარმატება ფსიქოლოგიურად დაგვეხმარება. მაგრამ ღრუბლებში არ უნდა ვიფრინოთ, რადგან ჯგუფში უფრო რთული მეტოქეებიც გვყავს. იმედია, რომ კოსოვოში უკეთესად ვითამაშებთ. გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც ნაკრებში თამაში ენატრებათ. ბრძოლისუნარიანობა გამოვავლინეთ და მიხარია, რომ მომდევნო თამაშს უკეთესი განწყობით შევხვდებით.
შემდეგი მატჩი საკუთარ მოედანზე გვაქვს და გვინდა, გულშემატკივრის მხარდაჭერა ვიგრძნოთ. ეს ეროვნული ნაკრებია და ნებისმიერი შედეგის მიუხედავად, ქომაგი ყოველთვის ტრიბუნაზე უნდა იყოს, რაც გამარჯვებისთვის საუკეთესო ჯილდო იქნება“, – განაცხადა თემურ ქეცბაიამ მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
წარსულში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე და „ჯვაროსნების“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი (2009–2014) კვიპროსის ეროვნული ნაკრების სათავეში 2022 წლიდანაა, მისი ასისტენტი კი თბილისის „დინამოს“ ყოფილი ფეხბურთელი სოსო ჭედიაა.