თემურ ქეცბაია კვიპროსელებს „ანორთოსისის“ დახმარებას მოუწოდებს - გუნდი ისევ გაძლიერდება #1TVSPORT
„ანორთოსისის“ ქართველმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ განცხადება გაავრცელა და გუნდის მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ ფამაგუსტას გუნდს დაეხმარონ.
„ჩვენი ისტორიული წარსულის შესახებ ფიქრით, აწმყოს პატივისცემით და უკეთესი და უფრო იმედიანი მომავლისკენ სწრაფვით მხარს ვუჭერთ ამ საქველმოქმედო ძალისხმევას. სირთულეების და განსაცდელების მიუხედავად, „ანორთოსისი“ კვლავ აღდგება და ისევ გაძლიერდება. ვაცხადებთ მზადყოფნას – „ანორთოსისისთვის“, ჩვენი ისტორიისთვის, ჩვენი მშვენიერი გულშემატკივრებისა და გუნდის სულისთვის“, – წერს თემურ ქეცბაია სოციალურ ქსელში.
„ანორთოსისის“ ადმინისტრაციამ გულშემატკივრებს ფინანსური პრობლემების შესახებ აცნობა და შთამბეჭდავი პასუხი მიიღო: 48 საათზე ნაკლებ დროში ფამაგუსტელების მხარდამჭერებმა 100,000 ევრო შეაგროვეს.
„ანორთოსისის“ პრესსპიკერმა სტელა მარკუმ Sigma-სთან ექსკლუზიური განცხადებები გააკეთა, სადაც გუნდის მდგომარეობა ახსენა: „ფამაგუსტადან გამოდევნის და ლტოლვილთა კრიზისის შემდეგ „ანორთოსისს“ყველაზე რთული წელი დაუდგა. ფინანსურად მძიმე მდგომარეობაა. შეიქმნა პლატფორმა დაახლოებით 1 მილიონი ევროს შესაგროვებლად. ყველას შეეძლება 50 ევროს შეტანა“.