თემურ ქეცბაია – იმედია, „ჟალგირისთან“ მომენტებს უკეთ გამოვიყენებთ, ვიდრე „მონდორფთან“ #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ ლიეტუვურ „ჟალგირისთან“ კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრამდე პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა.
„რაც უფრო წინ მიდიხარ, უკეთესი მეტოქეები გხვდება და ის მომენტები, რომლითაც „მონდორფთან“ წინა თამაშებში ვერ ვისარგებლეთ, ახლა უნდა გამოვიყენოთ.
შეუძლია თუ არა „დინამოს“ ამ ეტაპის გავლა? ყველანაირად ვაფასებთ მოწინააღმდეგეს, მაგრამ ჩვენ გვაქვს იმის შანსი, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. გუნდი ყველანაირად მზად არის. პირველი თამაშის შემდეგ ყველას ეგონა, რომ „მონდორფთან“ ადვილი იქნებოდა, მაგრამ მომენტებით ვერ ვისარგებლეთ. იმედია, ხვალ უფრო უკეთ ვიქნებით მზად.
მნიშვნელოვანია, პირველი შეხვედრა მოვიგოთ. ლიეტუვაში თამაში ხელოვნურ საფარზეა, რასაც მიჩვეულები არ ვართ. „ჟალგირისი“ კარგი გუნდია. ლიეტუვაში ჩემპიონატს ჩვენნაირად, გაზაფხული-შემოდგომის სისტემით ატარებენ და მოუმზადებლები არ იქნებიან.
მიხარია, რომ მოახლოებული შეხვედრით ამდენი ჟურნალისტი ინტერესდება. ამდენი საქართველოს ნაკრებში მუშაობის დროსაც არ მახსენდება. მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ გულშემატკივარი მრავლად მოვიდეს. მაგრამ ყველაზე მთავარია, ქართულ ფეხბურთში ფული ჩაიდოს და გუნდები განვითარდნენ.
ხომ ხედავთ, რა ხდება სომხეთის, აზერბაიჯანის და ყაზახეთის საკლუბო ფეხბურთში – იმიტომ კი არ ათამაშდნენ კარგად, რომ უკეთესი ფეხბურთელების გაზრდა დაიწყეს, არამედ იმიტომ, რომ გუნდებში დიდი ფული დააბანდეს. ამასთან, ტელევიზიებმაც უნდა ჩადონ ფული. ხომ ნახეთ, ბოლო მსოფლიო ჩემპიონატიდან ფიფამ 12 მილიარდი მოიგო“.