თემურ ქეცბაია – ამ წაგების შემდეგ მილიონ-ნახევარი ადამიანი გვლანძღავს, აქედან ერთი პროცენტი სტადიონზე რომ მოდიოდეს, სიტუაცია სხვანაირი იქნებოდა #1TVSPORT
ვილნიუსის „ჟალგირისთან“ 2:7 წაგების შემდეგ თბილისის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ პრესკონფერენცია გამართა. მან მედიის შეკითხვებს უპასუხა.
„ასეთ ფორმატში ვილნიუსის „ჟალგირისთან“ მარცხზე საუბარი ცოტა დაგვიანებულიც არის. თქვენი მესმის, რომ ამაზე ვილნიუსში უნდა გვესაუბრა. რაც მოხდა, მართლაც მიუღებელია ყველასთვის და ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის, გულშემატკივრისთვის და მთელი საქართველოსთვის.
სამწუხაროა, რომ „ჟალგირისთან“ მატჩისთვის სათანადოდ ვერ მოვემზადეთ. ან არ გვქონდა იმის საშუალება, რომ მოვმზადებულიყავით – ესეც სამწუხაროა. სიმართლე რომ გითხრათ, ჩემზე, როგორც მწვრთნელზე ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა მოდის.
ვეცადეთ, ეს ყველაფერი უკან მოგვეტოვებინა და წინ გაგვეხედა – ესაა დღეს ჩვენი მიზანი. ამ მდგომარეობაში ჩარჩენა და ამაზე აქცენტის გაკეთება შორს ვერ წაგვიყვანს. რა თქმა უნდა, მომხდარი გასაანალიზებელია.
გიორგი ლორიასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. ის გუნდიდან არ წასულა. ეს ტყუილია. ჩვენ ვისაუბრეთ და ვუთხარი: „ამ დღის შემდეგ მე შენ, საწმუხაროდ, პირველ მეკარედ არ განგიხილავ, მეტი შანსი აღარ მოგეცემა-მეთქი. დანარჩენთან დაკავშირებით ხელმძღვანელობასთან ვისაუბრე და გადაწყვეტილება მიიღეთ“.
ჩვენი საკლუბო ფეხბურთი რეიტინგში უკანასკნელ პოზიციებზეა, მაშინ როცა ბევრი არასაფეხბურთო ქვეყნის წარმომადგენელი წარმატებით თამაშობს. ეს ვითარებას კიდევ უფრო სავალალოდ აჩენს. ერთადერთი გამოსავალი, რომელიც, როგორც მწვრთნელს, მატჩის მიმდინარეობისას მქონდა, იყო ის, რომ მოედანზე შევვარდნილიყავი და მატჩი ჩამეშალა. სხვა გამოსავალი არ მქონდა.
„დინამოში“, 3 თვეა, ვმუშაობ და ამდენი ხანია, ვამბობ – მოდით, სტადიონზე იარეთ, ქართულ ფეხბურთს გვერდით დაუდექით და 2 ათასი ადამიანის მოგროვება ვერ შევძელით. პარალელურად კი ჩასაფრებული ადამიანები მსგავს მომენტს ელოდებიან, რომ ქართული ფეხბურთი მიწასთან გაასწორონ. მატჩის შემდეგ მილიონ-ნახევარი ადამიანი გვლანძღავდა, მაგრამ ტრიბუნაზე ამ ხალხის ერთი პროცენტიც რომ დადიოდეს, უკეთესი შედეგი გვექნებოდა. ქვეყანა ბოღმაში, შურში და ღვარძლშია ჩარჩენილი და ეს ფეხბურთზეც აისახება.
მატჩის შემდეგ ბევრი ვიფიქრე, შეიძლება, სახლშიც წავსულიყავი, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ იმიტომ არ მივიღე, რომ გუნდი სეზონის წინ არ ჩამიბარებია და არ მინდა, აღებული პასუხისმგებლობა შუაში მივატოვო. რომან ფიფიას ასეულობით მილიონი აქვს ჩადებული „დინამო თბილისის“ განვითარებისთვის. შეგიძლიათ, ნახოთ ბაზა და ინფრასტრუქტურა, ის პირობები, რომელიც გუნდს აქვს. ამ ადამიანის კრიტიკის ნაცვლად, მსგავს ფიგურებს უნდა მოვუწოდებდეთ, რომ ფეხბურთში თანხის დაბანდება გადაწყვიტონ. თუ ამ შედეგზე ვინმეა პასუხისმგებელი, ეს მე ვარ.
მსგავს ვითრებაში პირველად მოვხვდი, მაგრამ ყველას გვიწევს რაღაცების პირველად გამოცდა. ერთადერთი, რაც მამშვიდებს, არის ის, რომ გუნდს ჩემპიონობის შანსი აქვს. სეზონი რომ დასრულდება, შემდეგ დავსხდებით და მოვილაპარაკებთ, თუ რა იქნება შემდეგ. მე იმ გუნდში დავბრუნდი, რომელმაც ყველაფერი მომცა ცხოვრებაში. ყველაფერი, რასაც მივაღწიე, აქ დაიწყო“, – აღნიშნა თემურ ქეცბაიამ.