თემურ მურღულია – კონდიციონერების მონტაჟი უკვე მიმდინარეობს, „ლეიბორისტული პარტიის“ პრეტენზიები არასერიოზულია
საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე თემურ მურღულია „ლეიბორისტული პარტიის“ აქციას ეხმაურება და აცხადებს, რომ კონდიციონერების მონტაჟი უკვე მიმდინარეობს. ამიტომ პრეტენზიები, მით უმეტეს, არაერთმნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურებისგან არის არასერიოზული.
„აღჭურვა მიმდინარეობს მაქისმალური ტემპებით. უზრუნველვყოფთ, რომ ყველა საგამოცდო ცენტრში მაქსიმალური რაოდენობის კონდიციონერი დამონტაჟდეს. სატენდერო ფასები არის ოპტიმალური. ნებისმიერი სხვა აღჭურვის პროცესში, გარდა იმ ნაწილისა, რომელიც უშუალოდ თურქეთიდან მწარმოებელმა უნდა მოგვაწოდოს, არ გადავაჭარბებთ რუსთავის საპილოტე რეჟიმში განხორციელებული პროექტის ფასებს. ამ შემთხვევაში ტენდერს ვერ ჩავატარებდით, არის გადაუდებელ რეჟიმში მუშაობა. მივმართეთ საქართველოში ყველა კომპანიას, რომელსაც ჰქონდა საშუალება დიდი რაოდენობის ინსტალაცია გაეწია და ვინც თქვა, რომ მზად არის, ყველა ჩართულია. ჩვენი ამოცანაა, გავაკეთოთ მაქსიმუმი, რომ კვირის ბოლოდან ყველა ბავშვმა მოახერხოს სათანადო კლიმატურ პირობებში გამოცდების ჩაბარება“, – განაცხადა თემურ მურღულიამ.
შეგახსენებთ, „ლეიბორისტული პარტია“ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის შენობებში გაგრილების სისტემის დამონტაჟებამდე საგამოცდო პროცესის შეჩერებას ითხოვს. შალვა ნათელაშვილის თქმით, სიცხე აბიტურიენტების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.