თემურ მიქელაძე - იმისთვის, რომ იმუნოპათოლოგიური რეაქციები ავირიდოთ, საჭიროა ბავშვის ძუძუთი კვება
თემურ მიქელაძე - იმისთვის, რომ იმუნოპათოლოგიური რეაქციები ავირიდოთ, საჭიროა ბავშვის ძუძუთი კვება

ჩვენი, ექიმების მთავარი საზრუნავი უნდა იყოს, ძუძუთი კვებას მაქსიმალური პროპაგანდა გავუწიოთ, – ამის შესახებ პედიატრმა, პროფესორმა თემურ მიქელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ჩვენი, პედიატრების მთავარი მიზანია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას განსაკუთრებით, ადრეული ასაკიდან. პირველ რიგში, მთავარია სრულფასოვანი და სწორი კვება. მე ყველა ბავშვს და მშობელს ვურჩევ, კარგი საკვები მიიღონ. იმისთვის, რომ იმუნოპათოლოგიური რეაქციები და მდგომარეობები ავირიდოთ, საჭიროა ძუძუთი კვება და ექიმების მთავარი საზრუნავი უნდა იყოს, სწორ, ჯანსაღ კვებას მაქსიმალური პროპაგანდა გავუწიოთ“, – განაცხადა მიქელაძემ.

მისი თქმით, ძუძუთი კვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და უნდა მოხდეს მშობლების მაქსიმალურად განათლება, რათა თავიანთი ახალშობილები ძუძუთი მაქსიმალურად დიდხანს კვებონ.

„ის ეპიგენეტიკური და იმუნომოდულაციური ეფექტები ვლინდება არა თავიდან, არამედ მოზრდილ ასაკში. ასე მაგალითად, ცნობილია, რომ დედის რძე უფრო მეტი რაოდენობით ქოლესტერინს შეიცავს და სწორედ მაღალი ქოლესტერინის შემცველობის გამო ეპიგენეტიკურად თავიდან ავიცილებთ თავის ტვინის დეგენერაციულ დაავადებებს მოზრდილ ასაკში, ან ზოგ შემთხვევაში, გულის იშემიურ დაავადებებს და ა.შ. სწორად წარმართული კვება თავიდან აგვაცილებს ნაწლავის ქრონიკულ ანთებით დაავადებებს. ონკოპათოლოგიური დაავადებების ერთ-ერთი თეორია არის ქრონიკული ანთება და შეგვიძლია, პრევენციულად, თავიდან ავიცილოთ ეს ონკოპათოლოგია. ჩვენი, ექიმების და პედიატრების მთავარი მიზანი სწორედ პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა უნდა იყოს განსაკუთრებით, ადრეული ასაკის ბავშვებში“, – განაცხადა მიქელაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა ასაკამდეა აუცილებელი ბავშვის ძუძუთი კვება და რა ასაკამდე სასურველი, თემურ მიქელაძემ განაცხადა, რომ ძუძუთი კვება აუცილებელია ორ წლამდე, ხოლო რაც უფრო გავახანგრძლივებთ, მით მეტად ავიცილებთ სხვადასხვა დაავადებებს.

„ექვს თვემდე პრაქტიკულად, სხვა დამატებითი მინარევი არ უნდა დავამატოთ. მათ შორის – წყალიც. ძუძუთი კვება აუცილებელია ორ წლამდე და რაც უფრო გავახანგრძლივებთ ძუძუთი კვებას, სხვადასხვა დაავადებებს მაქსიმალურად ავიცილებთ“, – განაცხადა მიქელაძემ.

როგორც მიქელაძემ აღნიშნა, იმისთვის, რომ ვაქცინით მართვადი დაავადებები მაქსიმალურად ავიცილოთ, აუცილებელია საგანმანათლებლო ღონისძიებების დაგეგმვა, რაშიც ჩართული უნდა იყვნენ ოჯახის ექიმები, პედიატრები, ონკოლოგები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და სხვა.

„რამდენიმე წლის წინ სახელმწიფომ პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ჩამოიტანა, მაგრამ მშობლებმა უარი განაცხადეს და ბავშვებმა, ამ კონკრეტულმა ჯგუფმა არ გაიკეთა. შემდეგ, სახელმწიფოს ამ ვაქცინების გადაყრა მოუწია. ჩვენ არ ვართ მდიდარი ქვეყნების ტოლი ქვეყანა და რაც გვაქვს, ის მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ“, – განაცხადა მიქელაძემ.

პედიატრმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს საკმაოდ მაღალკვალიფიციური ექიმები ჰყავს, რომლებიც ონკოლოგიური დაავადებების პირველად დიაგნოსტირებას ახდენენ.