თემურ მღებრიშვილი - სტიქიის ზონაში სამუშაოები ხვალიდან კიდევ უფრო მასშტაბური გახდება, ამ დრომდე აქტიური საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს
თემურ მღებრიშვილი - სტიქიის ზონაში სამუშაოები ხვალიდან კიდევ უფრო მასშტაბური გახდება, ამ დრომდე აქტიური საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს

მდინარის კალაპოტში დღეს მაშველების მიერ ნაპოვნია ერთი ადამიანის ცხედარი. ასევე, აღმოჩენილია ავტომობილის ძარა, რომელიც ამოღებულია კალაპოტიდან და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა დღის ბოლოს, ჟურნალისტებთან შემაჯამებელი კომენტარის დროს განაცხადა.

მისი თქმით, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოები ხვალიდან კიდევ უფრო მასშტაბური გახდება.

„დღეს, ინტენსიური საძიებო სამუშაოების შედეგად, მდინარის კალაპოტში აღმოჩენილია ერთი ადამიანის ცხედარი და ადამიანის სხეულის ფრაგმენტი, რომელიც პროზექტურაშია გადასვენებული. ამ დრომდე გრძელდება აქტიური საძიებო სამუშაოები. ასევე, მდინარის კალაპოტში აღმოჩენილია ავტომობილის ძარა, რომელიც ამოღებულია კალაპოტიდან და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ყველა ხიდზე აბსოლუტურად განლაგებულია მონიტორინგის ჯგუფები, ასევე გადაადგილდებიან კალაპოტშიც და სწორედ ამ მონიტორინგის ჯგუფის მიერ იქნა ხიდის ქვეშ ცხედარი ნანახი. ხვალ, დილიდან უფრო მასშტაბურად დავიწყებთ ამ მიმართულებაზე საძიებო სამუშაოებს. საერთო ჯამში, რვა ავტომობილია დაკარგული. პარალელურად, თვითონ სტიქიის ეპიცენტრში უფრო გავშალეთ ძებნის არეალი, გარდა ამისა, ე.წ. კალცის წყლების ტერიტორიაზე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა საძიებო სამუშაოები “, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელმა მოხალისეების ჩართულობასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მოხალისეების ჩართულობის აუცილებლობა ამ ეტაპზე არ არსებობს, ხოლო თუ მათი ჩართულობა გახდება აუცილებელი, გამოყენებული იქნება იმ ბაზის მონაცემები, რომელიც გააჩნია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს.

თემურ მღებრიშვილის თქმით, დაკარგულ პირებთან დაკავშირებით მიმდინარე ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოხდა ერთ-ერთ პირთან დაკავშირება, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა და იგი აღარ იმყოფება დაკარგულთა სიაში.

ონის მუნიციპალიტეტში, მეექვსე დღეა, ძებნა-შველის ღონისძიება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაოებში ჩართულნი არიან პოლიციის დანაყოფები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები, დრონები და სპეცტექნიკა. ასევე, სტიქიის ზონაში მუშაობენ თავდაცვის სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები.

მაშველების მიერ ამ დროისთვის სტიქიის ზონაში ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად აღმოჩენილია 19 ცხედარი და საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს 14 პირთან დაკავშირებით.