თემურ მღებრიშვილი - შოვში სამძებრო სამუშაოები სტანდარტის დაცვით მიმდინარეობს, ვცდილობთ, ღონისძიებები მაქსიმალურად უსაფრთხოდ, მაგრამ გარკვეული რისკის ფასად ჩავატაროთ
თემურ მღებრიშვილი - შოვში სამძებრო სამუშაოები სტანდარტის დაცვით მიმდინარეობს, ვცდილობთ, ღონისძიებები მაქსიმალურად უსაფრთხოდ, მაგრამ გარკვეული რისკის ფასად ჩავატაროთ

სრული პასუხისმგებლობით შემიძლია მოგახსენოთ, რომ ავიაციის ჩართულობით რაც იყო გასაკეთებელი, ის ამოცანა ასი პროცენტით შესრულდა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

„თითოეული სპეციფიკური ღონისძიების ჩატარებისას, მაგალითად, ექვსი ცხედრის გადმოსვენებაში იყო ჩართული ვერტმფრენები, რადგან ფიზიკურად შეუძლებელი იყო ფეხით მათი გადმოსვენება. მხოლოდ ასეთ კონკრეტულ ღონისძიებებზე ვიყენებთ, სხვა შემთხვევაში ავიაცია აღარ არის საძიებო სამუშაოებისთვის გამოსაყენებელი.

ამ კონკრეტულ უბედურ შემთხვევასთან არაფერ შუაში არ არის ის საკითხი, რატომ არ გვყავს ქვეყანაში განსაკუთრებული სპეცაღჭურვილობით მზადყოფნაში ვერტმფრენი. აბსოლუტურად უადგილოა ამ კონკრეტულ შემთხვევაში. თუმცა თქვენ იცით, რომ სამივე ვერტმფრენის შესყიდვის პროცედურა დაწყებულია. კიდევ ერთხელ ხაგზასმით მინდა, ვთქვა, რომ აღნიშნული სტიქიის დროს ჩვენ ხელი არაფერში არ შეგვშლია, რასაც ჰქვია ვერტმფრენების ჩართულობა“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

მისივე თქმით, სტიქიის ადგილას სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენების ჩართვა დაუყოვნებლივ მოხდა.

„ინციდენტზე 112-დან ინფორმაცია 15:10 წუთზე შემოვიდა, შესაბამისად, დაიხარჯა აუცილებელი მინიმალური დრო, რაც საჭირო იყო ღონისძიების დაგეგმვისთვის, ვერტმფრენების მწყობრში მოსაყვანად, გასაფრენად გასამზადებლად. გარდა ამისა, მეტეოროლოგიურმა პირობებმაც გარკვეულწილად ხელი შეგვიშალა. უამინდობის მიუხედავად, მფრინავების რისკის ფასად მოხერხდა ხეობაში შემოფრენა, ვერტმფრენების დაუყოვნებლივ ჩართულობა ღონისძიებაში. დამერწმუნეთ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში უსაფუძვლო პრეტენზიები და საფუძველს მოკლებული მოსაზრებები უადგილოა“, – აღნიშნა მღებრიშვილმა.

რაც შეეხება უსაფრთხოების ნორმებს, მღებრიშვილის განცხადებით, სამძებრო სამუშაოები ყოველგვარი სტანდარტის დაცვით მიმდინარეობს.

„გარდა ამისა, ადგილზე გვყავს კინოლოგიური სამსახურიც და ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად უსაფრთხოდ, მაგრამ გარკვეული რისკის ფასად გავწიოთ ის აუცილებელი სამაშველო ღონისძიება, რასაც ჩვენგან მოუთმენლად ელიან, პირველ რიგში, დაზარალებული ოჯახები“, – აღნიშნა მღებრიშვილმა.