თემურ მღებრიშვილი აცხადებს, რომ ამ დროისთვის სტიქიის ზონაში 12 ადამიანს ეძებენ
თემურ მღებრიშვილი აცხადებს, რომ ამ დროისთვის სტიქიის ზონაში 12 ადამიანს ეძებენ

დღეს ორი ცხედრის პოვნა მოხერხდა. ერთი ცხედარი ნანახია უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში, ე.წ. კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთი მოზარდის ცხედარია, მეორე კი ნანახია მდინარის კალაპოტში, სტიქიის ეპიცენტრიდან დაახლოებით ორ კილომეტრში, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.

მისივე განცხადებით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიის ზონაში 12 ადამიანს ეძებენ.

„ამჟამად აქტიური სამუშაოები ცხრა ლოკაციაზე მიმდინარეობს. რაც შეეხება უფრო მეტ ინფორმაციას ცხედრების შესახებ, სამწუხაროდ, არ მინდა, რაღაც ისეთი ინფორმაციის გაჟღერება მომიწიოს, რაც შემდგომ არ დადასტურდება. ეს არის ერთი მოზარდი და ერთი მდედრობითი სქესის, თუმცა ჯერ კიდევ არ მინდა, ვთქვა, რადგან პროზექტურაში არიან გადასვენებული. ამ დროისთვის ოთხია, თუ არ ვცდები, რომლის იდენტიფიცირებაც მიმდინარეობს და ეს არის ამ დროის მდგომარეობა. დღევანდელი არცერთი ცხედარი არ არის ამოცნობილი“, – აღნიშნა მღებრიშვილმა.

თემურ მღებრიშვილმა ასევე კომენტარი გააკეთა სტიქიის ზონაში არსებულ მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ მაშველები, უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით, აქტიურ სამუშაოებს აწარმოებენ.

„როგორც გუშინ, დღესაც ინტენსიურად მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები ცხრა ლოკაციაზე. წავიწიეთ წინ და ძალიან დიდი ტერიტორია გვაქვს უკვე გადამოწმებული. მაქსიმალურად ხელს გვიწყობს ახლა სიტუაცია. მდინარის კალაპოტის საშუალებით ვცდილობთ, რომ ეს მასა, რომელიც შემოწმებული გვაქვს, ბუნებრივის მსგავსად ჩავრეცხოთ მდინარეში, რომ იქ ადგილი გავათავისუფლოთ. გარდა ამისა, იცით, რომ მაღალი ტემპერატურაა და, შესაბამისად, არსებობს საფრთხე გარკვეული სახის დაავადებების. აქედან გამომდინარე, მაქსიმალური უსაფრთხოების ზომები გვაქვს მიღებული პირბადეების საშუალებით. ასევე, ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ყველაფერი იყოს პროტოკოლის ფარგლებში, რაც აუცილებელია მსგავს სიტუაციაში“, – აღნიშნა თემურ მღებრიშვილმა.

ამასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა გარდაცვლილების და დაკარგულების იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა:

„გასაჯაროების შესახებ ინფორმაციაზე ახლა მე ვერაფერს გეტყვით. ჩემი აზრით, ეს უნდა შეთანხმდეს უშუალოდ ჭირისუფლებთან და მათი ნებართვის შემდეგ შეიძლება გასაჯაროვდეს, თუმცა მე ამაზე მეტს ვერაფერს მოგახსენებთ“.

შსს-ს ცნობით, სამუშაოებში ჩართული არიან პოლიციის დანაყოფები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები, დრონები და სპეცტექნიკა. ასევე, სტიქიის ზონაში მუშაობენ თავდაცვის სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები.