თემურ მღებრიშვილი - 150-ზე მეტი ადამიანი უსაფრთხო ადგილზეა მეხანძრე-მაშველებთან და პოლიციელებთან ერთად, უზრუნველყოფილნი არიან პირველადი საშუალებებით
თემურ მღებრიშვილი - 150-ზე მეტი ადამიანი უსაფრთხო ადგილზეა მეხანძრე-მაშველებთან და პოლიციელებთან ერთად, უზრუნველყოფილნი არიან პირველადი საშუალებებით

დაახლოებით 150-ზე მეტი ადამიანი უსაფრთხო ადგილზეა მეხანძრე-მაშველებთან და პოლიციის თანამშრომლებთან ერთად. მათი გადმოყვანა ხვალ დილიდანვე ვერტმფრენების საშუალებით მოხდება. თუ ამინდმა შეგვიწყო ხელი, საევაკუაციო სამუშაოებში სამი ვერტმფრენი იქნება ჩართული, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ის ადამიანები, რომელთა ევაკუაციაც განხორციელდა, უსაფრთხო ადგილას არიან განთავსებული, ხოლო სტიქიის ზონაში მყოფი ადამიანები, რომლებიც მეხანძრე-მაშველებთან და პოლიციელებთან ერთად იმყოფებიან, სრულად არიან უზრუნველყოფილი პირველადი საშუალებებით.

როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, ადგილზე მობილიზებული არიან როგორც შსს-ს შესაბამისი დანაყოფები, ასევე ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლები.

„ის ადამიანები, ვინც გადმოვიყვანეთ სტიქიის ზონიდან, დაბინავებულები არიან. იმ ადამიანებზე მინდა, გავამახვილო ყურადღება, რომლებიც ამ დროისთვის სტიქიის ზონაში რჩებიან, მეხანძრე-მაშველებისა და პოლიციელების მეთვალყურეობის ქვეშ. აბსოლუტურად უზრუნველყოფილნი არიან ყველანაირი პირველადი საშუალებებით“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.