თემურ ხონელია - გადაწყვეტილება, რომ ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოები აღარ განახლდეს, იყო უმძიმესი, რომელიც დაგვიდგა მრავალი მცდელობის მიუხედავად, დაგვეძლია მთელი რიგი დაუძლეველი გარემოებები
ეს იყო ჩვენთვის ყველაზე უმძიმესი გადაწყვეტილება, რომელიც დაგვიდგა მრავალი მცდელობის მიუხედავად, დაგვეძლია მთელი რიგი დაუძლეველი გარემოებები, რომლებიც ხელს უშლიდა წარმოების შენარჩუნებას, – ამის შესახებ კომპანია „სი-ემ-სის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, თემურ ხონელიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„საუბარია მიწისქვეშა მიმართულებაზე და კომპანია აქვე აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ მიწისქვეშა მიმართულებაზე და არა სხვა პოზიციების გაუქმებაზე. თუ რამე სამუშაო ადგილი შეიძლება არსებობდეს, რომელიც დამოუკიდებლად არის და არ უკავშირდება მიწისქვეშა მოპოვებით საქმიანობას, მის შენარჩუნებაზე კომპანია ცალსახად მიმართულია. ამ მხრივ, ვფიქრობთ, უადგილოა პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ეს გადაწყვეტილება, როგორც შეჩერებასთან, ისე გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნაზე იყო განპირობებული სიხარულით, რომ ჩვენ დავმშვიდობებულიყავით ამ ბიზნესს. არა, პირიქით. მთავარი არსი, რომელიც საფუძვლად უდევს ამ გადაწყვეტილებას, უკავშირდება სამ ძირითად ფუნდამენტურ პირობას. ეს არის „დიემთის“ დასკვნაში ჩარმოჩინებული ოთხი ძირითადი გარემოება. ამას ემატება შუხრუთის კრიზისი და ის ფინანსური ვალდებულებების სიმძიმე, რომელიც კოლექტიური ხელშეკრულებიდან გამომდინარე კომპანიას უდგას“, – განაცხადა ხონელიამ.
ამ განცხადებით თემურ ხონელიამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამ გამოიწვია ის, რომ კომპანიამ გაკოტრების რეჟიმის დაწყებასთან დაკავშირებით საჩხერის სასამართლოს მიმართა.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რა სამართლებრივი საფუძველი რჩება საკითხის გადასაჭრელად იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მიზანშეწონილად არ ჩათვლის კომპანიის გამოცხადებას გაკოტრებულად, თემურ ხონელიამ თქვა, რომ სასამართლოს მსჯელობას და პოზიციას არ უნდა გავასწროთ და უნდა მოვისმინოთ სასამართლოს კონკრეტული გადაწყვეტილება იმ პირობებში, რაშიც კომპანია იმყოფება.
„არ არის საუბარი ვალაუვალობაზე. ანუ, კომპანიას, პრაქტიკულად, არ გააჩნია შემოსავალი და გააჩნია უზარმაზარი სასესხო ვალდებულებები, რომელთა პირობებში კანონი ჩვენს კომპანიას ავალდებულებდა, დაეწყო გადახდის უნარობის საქმის წარმოება. თუ რა საფუძვლით შეიძლება სასამართლომ უარი გვითხრას, ჩვენთვის გაუგებარი იქნება“, – განაცხადა ხონელიამ.
შეკითხვაზე, აპირებს თუ არა კომპანია იანვრის, თებერვლისა და უკვე მარტის ანაზღაურების 60 პროცენტის გადახდას მაღაროელებისთვის და რა გეგმა აქვთ ამასთან დაკავშირებით, თემურ ხონელიამ განაცხადა, რომ, რა თქმა უნდა, ამ თანხების გაცემა იგეგმება.
თემურ ხონელიამ ასევე განაცხადა, რომ მიწისქვეშა მოპოვებითმა საქმიანობამ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში დაახლოებით 300-მილიონიანი ზარალი დააგენერირა და ეს ზარალი ერთობლივად შეჯამებულია კონსოლიდირებულად, ე.წ. კორპორატორებთან ერთად.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, როგორია კომპანიის მოკლევადიანი გეგმა იმ შემთხვევაში, თუ სასამართლომ მათი სარჩელი არ დააკმაყოფილა და აქვთ თუ არა გეგმა „ბ“, თემურ ხონელიამ განაცხადა, რომ ისინი სასამართლოსგან დაუკმაყოფილებლობას არ ელოდებიან, ხოლო რაც შეეხება გეგმა „ბ“-ს, ძნელია საუბარი შემოსავლების გაჩენაზე იმ პირობებში, როდესაც მუშაობის შესაძლებლობა არ გააჩნიათ.