თეიმურაზ ჯანაშია - სასამართლოზე მოწმემ დაადასტურა, რომ ბოტოქსი იქნებოდა თუ სხვა პროცედურა, სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას ემსახურებოდა
თეიმურაზ ჯანაშია - სასამართლოზე მოწმემ დაადასტურა, რომ ბოტოქსი იქნებოდა თუ სხვა პროცედურა, სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას ემსახურებოდა

სასამართლოზე მოწმემ დაადასტურა, რომ ბოტოქსი იქნებოდა თუ სხვა პროცედურა, სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას ემსახურებოდა, – ამის შესახებ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე ბრალდებულმა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა, თეიმურაზ ჯანაშიამ განაცხადა.

„ბოტოქსი სჭირდებოდა პრეზიდენტის ჯანმრთელობას. ეს დაადასტურა მოწმემ, რომელიც პროკურატურამ მოიწვია სასამართლოზე. მან დაადასტურა, რომ ამ სახის მანიპულაციები, ბოტოქსი იქნებოდა თუ სხვა პროცედურა, პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას ემსახურებოდა“, – განაცხადა თეიმურაზ ჯანაშიამ.

კითხვაზე, რამდენად კანონიერი იყო სააკაშვილის მხრიდან შვილის სწავლის საფასურის ბიუჯეტიდან გადახდა, ჯანაშიამ აღნიშნა:

„რა თქმა უნდა, ეს იყო ბრძანებით გათვალისწინებული, რაც სავალდებულო იყო შესასრულებლად. ისევე, როგორც სახელმწიფო, წესით, იხდის ნებისმიერი ელჩის შვილების სწავლის გადასახადს და ასე შემდეგ. ეს არის ბრძანებები, რომლებიც გამოიცემა. ბრძანებები გამოიცემა იმისთვის, რომ შესაბამისად შესრულდეს“, – განაცხადა თეიმურაზ ჯანაშიამ.

ამასთან, როგორც ჯანაშიამ განაცხადა, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმე პოლიტიკური დევნის საკითხია.

„ეს არის „ოცნების“ ხელისუფლების ვენდეტა პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ვალდებული იყო, პრეზიდენტის, პრემიერის განკარგულება შეესრულებინა, ეს შავით თეთრზე დაწერილია. აქ მნიშვნელოვანია ერთი საკითხი – ერთსა და იმავე ქმედებებზე პრეზიდენტს შეიძლება წაუყენონ ბრალი, მეორეს – არა. ერთმა შეიძლება, თვითმფრინავი იქირაოს და თავისი შვილი სადღაც გაასეირნოს, მეორე შეიძლება, მიუნხენის კონფერენციაზე ჩავიდეს თვითმფრინავით და მას ბრალი წაუყენონ, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური დევნის საკითხი. აღნიშნულ საკითხზე სასამართლო არასდროს დასრულდება ამ შენობაში, ეს საკითხი მაშინ დასრულდება, როცა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება დასრულდება, დასრულდება არჩევნებით და როდესაც ისინი გადავლენ ოპოზიციაში“, – განაცხადა თეიმურაზ ჯანაშიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას სასამართლო პროცესი გაიმართა.