თემურ ჯანაშია - მიხეილ სააკაშვილთან როდესაც ვიყავი, მქონდა საშუალება, რადიოთი გამესინჯა ტალღები, როგორც ჩანს, „ჯამერი“ ჩართულია, მთლიან სიმძლავრეზე არა, მაგრამ მაინც წარმოადგენს საშიშროებას
თემურ ჯანაშია - მიხეილ სააკაშვილთან როდესაც ვიყავი, მქონდა საშუალება, რადიოთი გამესინჯა ტალღები, როგორც ჩანს, „ჯამერი“ ჩართულია, მთლიან სიმძლავრეზე არა, მაგრამ მაინც წარმოადგენს საშიშროებას

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თემურ ჯანაშია აცხადებს, რომ რადიოტალღების ჩამხშობი მანქანა „ჯამერი“, რომლის შესახებაც გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, კვლავ დგას გორის ჰოსპიტალთან, თუმცა სრული სიმძლავრით არ არის ჩართული. ამის შესახებ თემურ ჯანაშიამ გორის ჰოსპიტლიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას, ჯანაშიას თქმით, ის საკმაოდ მხნედ არის.

„ბედნიერია იმით, რომ საშუალება ჰქონდა, მიემართა საკუთარი ხალხისთვის. მინდა, ყურადღება შევაჩერო გუშინ გავრცელებულ ინფორმაციაზე. „ჯამერი“, ეს მანქანა ისევ ადგილზე დგას. მივიღეთ განმარტება, თითქოს ის გამორთულია და არ მუშაობს. როცა პრეზიდენტთან ვიყავი, მქონდა საშუალება, რადიოთი გამესინჯა ტალღები. როგორც პრეზიდენტმა მიამბო, ტელევიზორის ანტენა არ მუშაობდა და მოუწიათ გრძელი კაბელის გაჭიმვა. როგორც ჩანს, „ჯამერი“ არის ჩართული. მთლიან სიმძლავრეზე არა. უფრო არის ჩართული „ეფ-ემის“ ზედა ტალღებზე. მიუხედავად ამისა, ეს მაინც წარმოადგენს პრეზიდენტის ჯანმრთელობისთვის საშიშროებას“, – აღნიშნა თემურ ჯანაშიამ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ უჩვეულო თავის ტკივილები აქვს და ექიმები ამას ვერ ხსნიან.

„თვითონაც შეშფოთებულია ამით. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო, ვთხოვო, ეს მანქანა შეიძლება, სხვაგანაც დადგეს და იმ ადგილიდან მოაშორონ. არ შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედება, როდესაც მას 50 დღე აქვს ნაშიმშილარი. პანიკას არ ვთესავთ, მართლა მოსაცილებელია ეს მანქანა. რა თქმა უნდა, სახლშიც ვხვდებით ამ ტალღებს, ელექტრომაგნიტურ ტალღებს, მიკროტალღურ ღუმელს ვხმარობთ. უბრალოდ აქ ლაპარაკია ხანგრძლივობაზე. ვინც აქ მუშაობს, არის ცვლაში, ან რვა საათი მუშაობს, მისთვის ეს არ იყოს შესამჩნევი. ამ ადამიანისთვის კი ეს სახიფათოა. მე ვფიქრობ, რახან „ეფ-ემის“ სიხშირე გამოდის, ეს უფრო დრონებისთვის არის დაყენებული. რეალურად მაგას აქვს უფრო დიდი დიაპაზონი, მაგრამ ყველა სიხშირე არაა ჩართული. ეს არაა პატარა გამოსხივება, როცა ის 24 საათის განმავლობაშია ჩართული. არ შეიძლება, ასე მივუშვიროთ ეს ადამიანს. არ იქნება ასე ძლიერი გამოსხივება, იციან თვითონაც, მაგრამ მაინც არ შეიძლება“, – განაცხადა თემურ ჯანაშიამ.

დატოვე კომენტარი