ტემპერატურის მატების გამო კახეთიდან თბილისის კლინიკებში სამი მოქალაქე გადაიყვანეს
ტემპერატურის მატების გამო კახეთიდან თბილისის კლინიკებში სამი მოქალაქე გადაიყვანეს

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ტემპერატურის მატების გამო კახეთიდან კარანტინში მყოფი ერთი, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი ორი მოქალაქე თბილისის კლინიკებში გადაიყვანეს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, რეგიონში ამ ეტაპზე ახალი კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

რაც შეეხება საკარანტინო სივრცეებს, კახეთში შვიდ ლოკაციაზე 401 მოქალაქე იმყოფება, ხოლო თვითიზოლაციაში 411 ადამიანია. ასევე თვითიზოლაციის ვადა 23 მოქალაქეს ამოეწურა.

ამასთან, ნელი ხიზანიშვილი განმარტავს, რომ რეგიონის ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში ჩატარებული მოკვლევის შედეგად, ამ ეტაპზე ე.წ. მარნეულის შემთხვევასთან არანაირი კონტაქტი არ იკვეთება.

ხიზანიშვილის ინფორმაციით, კახეთში არაქართულენოვან მოსახლეობაში საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ე.წ. ფლაერების დარიგება იგეგმება. სწრაფი ტესტები კი, რეგიონში რამდენიმე დღეში ჩამოვა.