თემირლან მაჩალიკაშვილის სახლს ხვალ პროკურატურის წარმომადგენლები და მიწვეული ექსპერტი დაათვალიერებენ
პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის საცხოვრებელ სახლში ხვალ საქართველოს პროკურატურის გამომძიებლები და ექსპერტები ჩავლენ.
მათთან ერთად, სოფელ დუისში ჩასვლას გეგმავს მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატი, ასევე მიწვეული ექსპერტი ზაზა ალთუნაშვილი.
ამის შესახებ პირველ არხს მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა განუცხადა.
გამომძიებლები და ექსპერტები იმ ოთახს დაათვალიერებენ და მოკვლევას ჩაატარებენ, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი სპეცოპერაციის დროს დაიჭრა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 26 დეკემბერს პანკისის ხეობის სოფელ დუისში ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით რამდენიმე პირის დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩაატარა, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი მძიმედ დაიჭრა და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.