თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი პაციენტის თურქეთში გადაყვანას დათანხმდა
თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი პაციენტის თურქეთში გადაყვანას დათანხმდა

სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, ოჯახი მკურნალობის გასაგრძელებლად პაციენტის სტამბოლში, ,,კოჩის” კლინიკაში გადაყვანას დათანხმდა.

,,ვითარება უცვლელია, მდგომარეობა არის კრიტიკული. ჩვენ ვითხოვდით ჩემი შვილის გერმანიაში გადაყვანას, მაგრამ სუს-მა და შსს-მ ევროპისკენ ყველა გზა გადაგვიკეტა, ამიტომ დავთანხმდით თურქეთში გადაყვანაზე. ამ ეტაპზე ჩემი შვილის მდგომარეობა მაღელვებს, რომ მოხერხდეს სასწრაფოდ მისი გადაყვანა, რადგან ერთი დღის დაკარგვაც ბევრს ნიშნავს”, – აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

ექიმის ზაზა ლურსმანაშვილის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის კვლავ უკიდურესად მძიმეა. შესაბამისად, საკმაოდ მაღალია ტრანსპორტირების რისკები. ექიმის განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შერჩეული კლინიკა ოჯახისთვის მისაღები არ არის და მათ თვითონ შეაჩერეს არჩევანი სტამბოლის ,,კოჩის” კლინიკაზე.

,,ამ კლინიკის მენეჯერი ცოტა ხნის წინ იყო ჩვენთან ჩამოსული. მას პაციენტის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა ჯერ კიდევ 29 დეკემბერს ოჯახის მხრიდან მიწოდებული მასალების საფუძველზე. ეს არის სტამბოლში მდებარე ,,კოჩის” კლინიკა. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ოჯახმა თანხმობა განაცხადა ცოტა ხნის წინ. ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო შესაბამისი პროცედურები, გარკვეული ეტაპები იქნება გსსავლელი, რადგან ამას რაღაც დრო დასჭირდება, შესაძლოა რამდენიმე დღე”, – აცხადებს ექიმი ზაზა ლურსმანაშვილი.

გუშინ მაჩალიკაშვილის მკურნალობის გაგრძელებაზე გერმანიის “შარიტეს” კლინიკისგან ჯანდაცვის სამინისტრომ უარი მიიღო.