თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი, მაჩალიკაშვილის ჩატაევთან კავშირის დამადასტურებელი საუბრის ან მიმოწერის გასაჯაროებას ითხოვს
თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი, მაჩალიკაშვილის ჩატაევთან კავშირის დამადასტურებელი საუბრის ან მიმოწერის გასაჯაროებას ითხოვს

ამერიკელი ექსპერტების მიერ თემირლან მაჩალიკაშვილის ტელეფონის შესწავლის დასრულების შემდეგ, მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა არაფერს ცვლის და ის ვერც თემირლან მაჩალიკაშვილის დანაშაულებრივ ქმედებას ადასტურებს.

როგორც პირველ არხს თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ, მედიკო მაჩალიკაშვილმა განუცხადა, ოჯახს ტელეფონის ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით ამ დრომდე არავინ შეხმიანებია და ინფორმაცია მათ მხოლოდ მედიასაშუალებებიდან აქვთ.

„სანამ თემირლანის ტელეფონს ექსპერტიზაზე გაგზავნიდნენ, შვილი მანამდე მომიკლეს, ტელეფონში რა იყო, რა ზარები და საუბრები იყო, რა იცოდნენ, შვილი წინსწრებით მომიკლეს? ან რა საუბარია მანდ ისეთი, რაზეც თემირლანის დადანაშაულება შეიძლება?! თემირლანი ჩატაევს არ იცნობდა და ვერც დაელაპარაკებოდა, რადგან თემირლანმა არ იცოდა არც ჩეჩნური და არც რუსული. მას ან ქართულად უნდა ესაუბრა, ან ქისტურად. თემირლანს ტელეფონის ორი ნომერი ჰქონდა და არც ერთი ნომერი არ ემთხვევა იქ აღნიშნულ ნომერს. მომასმენინონ მისი საუბარი ჩატაევთან. ჩანაწერიდან მე კარგად გამოვიცნობ ჩემი შვილის ხმას ან გაასაჯაროონ საუბარი, ან მიმოწერა და თუ აღმოჩნდება, რომ ჩემი შვილს ჩატაევთან ან მის დაჯგუფებასთან კავშირი ჰქონდა, მათი ხელშემწყობი და დამფინანსებელი იყო, ხმის ამომღები აღარ ვარ“, – აცხადებს მედიკო მაჩალიკაშვილი.

მისივე თქმით, თემირლანი მართლაც ცხოვრობდა ვარკეთილში, რამაზ მარგოშვილის მიერ ნაქირავებ სახლში და ქირა ბინის მეპატრონეს ორჯერ გადასცა.

„​​როცა თემირლანი კოლეჯში სწავლობდა, რამაზ მარგოშვილის სახლში დავტოვეთ საცხოვრებლად სამი-ოთხი თვე. მეზობლები ვართ, ნათესავები და ქირა ორჯერ, ერთხელ სხვისი ხელით გამოუგზავნა თემირლანს ბინის მეპატრონესთან გადასაცემად და ერთხელაც თავად მოუტანა. რომ თბილისში წაეღო. გადმორიცხული ფული თემირლანს არასდროს, არც რამაზ მარგოშვილისგან და არც არავისგან არ ქონია“, – ამბობს თემირლან მაჩალიკაშვილის დედა.

მედიკო მაჩალიკაშვილი ასევე განმარტავს, რომ ორი ახალგაზრდა ბიჭი, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ბორზოევი და სოლტახმატოვი, ამჟამად დაკავებულ რამაზ მარგოშვილთან სახლში ცხოვრობდნენ და სოფელში ყველა, მათ შორის თემირლანიც, სეიფულას და აბდულას სახელით იცნობდა. მისი თქმით, ამის დადასტურება ამჟამად პატიმრობაში მყოფ რამაზ მარგოშვილს შეუძლია.