თემაზე „კონკურენციის პოლიტიკა და დაზღვევის სფერო“ თბილისში სემინარი გაიმართა
თემაზე „კონკურენციის პოლიტიკა და დაზღვევის სფერო“ თბილისში სემინარი გაიმართა

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ, ნოდარ ხადურმა სემინარი  – „კონკურენციის პოლიტიკა და დაზღვევის სფერო“ გახსნა, რომლიც ევროკავშირის პროექტის „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“ ფარგლებში გაიმართა.

როგორც ხადურმა განაცხადა, სემინარი კონკურენციის სააგენტოში მიმდინარე ევროკავშირის პროექტის ფარგლებში ხორციელდება. მან მიწვეულ ექსპერტებსა და სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს, ასევე საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„დარწმუნებული ვარ, დღევანდელი შეხვედრა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება დაზღვევის სფეროში კონკურენციის ეფექტიანად აღსრულების მიმართულებით“,  – განაცხადა შეხვედრაზე ნოდარ ხადურმა.

ღონისძიების მონაწილეებმა დაზღვევის სფეროში კონკურენციის აღსრულებასთან დაკავშირებულ სპეციფიკურ საკითხებზე იმსჯელეს. მათ შორის, კონკურენციის პოლიტიკა, დაზღვევის სფერო საქართველოში და მისი აღსრულება, თანადაზღვევა და სადაზღვევო პულები, სადაზღვევო და საბანკო პროდუქტების მიბმა და სხვა.

მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართა ევროკავშირის პროექტის გუნდის ხელმძღვანელმა, სემინარის მოდერატორმა, აურელიო ლა ტორემ და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა.

სემინარს უძღვებოდნენ მიწვეული ექსპერტები: რუმინეთის კონკურენციის საბჭოს მრეწველობისა და ენერგეტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე რადუ ადრიან პაუნი, კონკურენციისა და ევროკავშირის სამართლის სპეციალისტი დანიელ კოლგანი, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს რეფერენტი იგორ ტაკანი.

სემინარზე საავტომობილო შემთხვევის დროს მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის ბაზარსა და სხვა საკითხებზე რუმინეთის კონკურენციის უწყების გამოცდილებაზეც ისაუბრეს.