ტელეწამყვანმა ჯიმი კიმელმა ეთერში დაბრუნების შემდეგ განაცხადა, რომ ჩარლი კირკის მკვლელობის შემსუბუქება მისი განზრახვა არასდროს ყოფილა
ტელეწამყვანმა ჯიმი კიმელმა ეთერში დაბრუნების შემდეგ განაცხადა, რომ ჩარლი კირკის მკვლელობის შემსუბუქება მისი განზრახვა არასდროს ყოფილა

ტელეკომპანია „ეიბისის“ ღამის შოუს წამყვანმა, ჯიმი კიმელმა ეთერში დაბრუნების შემდეგ განაცხადა, რომ კონსერვატორი კომენტატორის, ჩარლი კირკის მკვლელობის შემსუბუქება მისი განზრახვა არასდროს ყოფილა.

ეთერში დაბრუნების შემდეგ კიმელის მონოლოგი ემოციურობით გამოირჩეოდა და ტელეწამყვანმა ცრემლიც ვერ შეიკავა.

„ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის მნიშვნელობის მსუბუქად წარმოჩენა ჩემი განზრახვა არასდროს ყოფილა. არ ვფიქრობ, რომ ამაში რაიმე სასაცილოა. მისი გარდაცვალების დღეს „ინსტაგრამზე“ გამოვაქვეყნე შეტყობინება, სადაც ოჯახს სიყვარულს ვუგზავნიდი. ამას გულწრფელად ვამბობდი და ახლაც ასეა. არც ის მქონია მიზნად, რომელიმე კონკრეტული ჯგუფი დამედანაშაულებინა აშკარად შეწუხებული ინდივიდის ქმედებებში. ეს სრულიად საპირისპირო იყო იმისა, რისი გადმოცემაც მინდოდა. თუმცა მესმის მათი, ვინც ეს უდროოდ ჩათვალა. ვინც ფიქრობს, რომ თითი გავიშვირე, მესმის, რატომ ხართ განაწყენებული. სიტუაცია რომ შემობრუნებულიყო, დიდი შანსია, მეც იგივე განმეცადა“, – განაცხადა ჯიმი კიმელმა.

კიმელმა მონოლოგში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და აშშ-ის ფედერალური კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გააკრიტიკა და მათ მუქარას „არაამერიკული“ უწოდა.

ცნობისთვის, ღამის შოუს წამყვანმა, ჯიმი კიმელმა გადაცემის დროს, განაცხადა რომ MAGA ყველაფერს აკეთებს კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობიდან პოლიტიკური ქულების მოსაპოვებლად. ღამის შოუს წამყვანმა ასევე გააკრიტიკა დროშების ნახევრად დაშვება კირკის პატივსაცემად და იხუმრა დონალდ ტრამპის რეაქციაზე, რის შედეგადაც „ეიბისიმ“ მისი გადაცემა საეთერო ბადიდან მოხსნა. ჯიმი კიმელის გადაცემა ეთერში 23 სექტემბრიდან დაბრუნდა.