თელეთთან ავარიის შედეგად დაშავებულ სომხეთის ოთხ მოქალაქეს ერევანში გადაიყვანენ
თელეთთან ავარიის შედეგად დაშავებულ სომხეთის ოთხ მოქალაქეს ერევანში გადაიყვანენ

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ სომხეთის ოთხ მოქალაქეს ერევანში გადაიყვანენ, – ამის შესახებ საქართველოში სომხეთის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადება სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სომხეთის საელჩოს გვერდზე განთავსდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კლინიკებში განთავსებული სომხეთის ოთხი მოქალაქის ერევანში გადაყვანის გადაწყვეტილება სომხეთის რესპუბლიკისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროების წარმომადგენლების მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა.

დაშავებულებს ერევანში რეანომობილებით წაიყვანენ.

ამასთან, საელჩო აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული ოთხი მოქალაქის გარდა, ამ დროისთვის კლინიკებში ავარიით დაშავებული სომხეთის სხვა მოქალაქეები არ იმყოფებიან.

სოფელ თელეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა გამთენიისას მოხდა. დაიღუპა ორი ადამიანი. 20 დაშავებული კლინიკებში გადაიყვანეს, მათგან 17 სომხეთის მოქალაქე იყო, ორი საქართველოს, ხოლო ერთი  – აზერბაიჯანის.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთმანეთს სამი მიკროავტობუსი და ერთი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მიკროავტობუსი ერევნიდან ბათუმის მიმართულებით გადაადგილდებოდა და გარდაცვლილები სომხეთის მოქალაქეები არიან, ორივე მათგანი ქალია.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.