„ტელესკოლამ“ ერთი წლის იუბილე აღნიშნა

„ტელესკოლა“ ერთი წლისაა. ზუსტად ერთი წლის წინ, 30 მარტს საფუძველი ჩაეყარა არხს, რომელმაც მსოფლიო პანდემიის გამო ქვეყანაში დაწესებული მკაცრი შეზღუდვების დროს, განათლების სამინისტროსთან ერთად, სკოლის მოსწავლეებისთვის უპრეცედენტო პლატფორმა შექმნა.

დღეს საქართველოს პირველმა არხმა ეს თარიღი, ყველა რეგულაციის დაცვით, სიმბოლურად აღნიშნა. „ტელესკოლის“ ღია სტუდიაში არხის შემქმნელები, პედაგოგები, განათლების სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რომლებმაც გაკვეთილების მომზადებაში საკუთარი წვლილი შეიტანეს.

საგანმანათლებლო ტელეარხი მოსწავლეებს ტელეგაკვეთილებს, სხვადასხვა ასაკის მაყურებელს კი მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს. არხის ეთერი მოიცავს პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ გაკვეთილებს. გარდა სასკოლო პროგრამისა, „ტელესკოლა“ მოსწავლეებს სთავაზობს საგანმანათლებლო და შემეცნებით კლასგარეშე გაკვეთილებსა და დოკუმენტურ ფილმებს. „ტელესკოლის“ ეთერი ეთმობა გაკვეთილებს არაქართულენოვანი სკოლებისთვის, ასევე ჟესტური ენის გაკვეთილებს.