ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ადვოკატი ნინო ნიჟარაძის ადვოკატის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ადვოკატი ნინო ნიჟარაძის ადვოკატის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ადვოკატი, თამთა მურადაშვილი ტელეკომპანიის 9-პროცენტიანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის ადვოკატის, გიორგი ყავლაშვილის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს.

ნიჟარაძის ინტერესების დამცველმა დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ინტერმედიაში“ მიდის გაუმართლებლად დიდი თანხები „რუსთავი 2“-დან და ჩნდება კითხვა, ხომ არ არის ეს ტელეკომპანიის გაკოტრების მიზანმიმართული მცდელობა“.

თამთა მურადაშვილი აცხადებს, რომ ამ თემაზე საუბრები მხოლოდ ხელისუფლების ინტერესებს ემსახურება.

„მადლიერები უნდა იყვნენ, რომ ჩვენ საერთოდ ეთერში ვართ და ვსულდგმულობთ. გასაოცარია, რომ ახლა გაუჩნდათ კითხვები, მაშინ, როდესაც არასოდეს მოუკითხავს ჩვენი ამბავი ნინო ნიჟარაძეს. გაკოტრების თემაზე ნებისმიერი სახის საუბარი და მცდელობა არის მხოლოდ ხელისუფლების თამაში. თუ ვინმე გაკოტრებას ცდილობდა, ეს არის მხოლოდ ხელისუფლება და სასამართლოს სახელით დადებული ყადაღა“, – განაცხადა მურადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.

„რუსთავი 2“-ის ადვოკატი უარყოფს ნინო ნიჟარაძის ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ტელეკომპანიამ საგადასახადო დავალიანებების გასტუმრებაზე ზრუნვის ნაცვლად, საშუამავლო რეკლამების გაყიდვის კომპანია „ინტერმედიას“ მოგება 2016 წლის შემდეგ 8-დან 30 პროცენტამდე გაუზარდა, რითაც ირიბად ტელეკომპანია „მესამეს“ დაფინანსება ხდება.

თამთა მურადაშვილის განცხადებით, ასეთი რამ არ მომხდარა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის დასკვნაც, რომელსაც ნინო ნიჟარაძის ადვოკატი ეყრდნობა საშუამავლო კომპანიისთვის შემოსავლის წილის ზრდის თაობაზე, მცდარია.