ტელეკომპანია „იბერიის“ შენობის წინ სოლიდარობის აქცია გაიმართა
ტელეკომპანია „იბერიის“ შენობის წინ სოლიდარობის აქცია გაიმართა

ტელეკომპანია „იბერიის“ შენობის წინ სოლიდარობის აქცია გაიმართა. ტელეკომპანიის თანამშრომლები ხელისუფლებისგან განმარტებას მოითხოვენ. მათ აინტერესებთ, რა პასუხი ექნება მმართველ გუნდს გავრცელებულ ჩანაწერზე, რომელშიც მათი თქმით, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ტელეკომპანია „იბერიისა“ და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელ ზაზა ოქრიაშვილს ესაუბრება.

ტელეკომპანიის თანამშრომლები საფრთხეს ხედავენ და ხელისუფლებისგან მკაფიო განმარტებას მოითხოვენ.

„მას შემდეგ, რაც ჩანაწერი გავრცელდა, კიდევ უფრო მეტი კითხვა დაგროვდა. ველოდებით პასუხს ხელისუფლებისგან, თავად ლევან ყიფიანისგან. გვაინტერესებს, რა ახსნა-განმარტება აქვთ მათ. ჩვენთვის მთავარია ტელევიზიამ განაგრძოს ფუნქციონირება და ჟურნალისტებმა შევძლოთ ისეთ თავისუფალ გარემოში მუშაობა, როგორც ამას აქამდე ვაკეთებდით. საფრთხე ძალიან რეალურია, ესაა ზეწოლა თავისუფალ მედიაზე”- განაცხადა „იბერიის“ ჟურნალისტმა თამარ ურუშაძემ.

ტელეკომპანია „იბერიამ“ სატელეფონო ჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც სავარაუდოდ სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ტელეკომპანია „იბერიისა“ და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელ ზაზა ოქრიაშვილს ესაუბრება.