ტელეკომპანია „იბერიას“ ყოფილი ჟურნალისტები და ოპერატორები დეპუტატ ნატო ჩხეიძისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვენ
ტელეკომპანია „იბერიას“ ყოფილი ჟურნალისტები და ოპერატორები დეპუტატ ნატო ჩხეიძისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვენ

ტელეკომპანია „იბერიას“ ყოფილი ჟურნალისტები და ოპერატორები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და დეპუტატ ნატო ჩხეიძეს პასუხობენ.

როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული, ნატო ჩხეიძის ცრუ და შეურაცხმყოფელი განცხადება ემსახურება მიზანმიმართულად სიცრუის გავრცელებას, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილების უგულებელყოფას, მედიის წარმომადგენლების ღირსების შელახვას.

„ჩვენთვის განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია მისი მხრიდან არაერთგზის გაკეთებული განცხადება და მედიის წარმომადგენლების დაკავშირება კონკრეტულ უწყებებთან, ასევე აღნიშნული უწყებების ინტერესების გატარებასთან. მოვითხოვთ, დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ საჯაროდ მოიხადოს ბოდიში, წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებული ვიქნებით, პატივისა და ღირსების შელახვის ბრალდებით მივმართოთ სასამართლოს.

გვსურს განვმარტოთ, რომ ტელეკომპანია „იბერიას“ დახურვის შემდეგ კომპანიამ თანამშრომლების სახელფასო დავალიანების მხოლოდ ნაწილი აანაზღაურა. გარდა ამისა, თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა კომპანიას დააკისრეს ყოფილი თანამშრომლებისთვის კანონით გათვალისწინებული სახელფასო დავალიანებისა და კომპენსაციის გადახდა. კანონმდებელ ნატო ჩხეიძის ქმრის კომპანია არ ემორჩილება მართლმსაჯულებას და უარს ამბობს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე. ორი ინსტანციის მიერ კანონიერად გამოტანილ გადაწყვეტილებას უსაფუძვლოდ ასაჩივრებს და ხელს უშლის გადაწყვეტილების დროულად აღსრულებას“,- აღნიშნულია ტელეკომპანია „იბერიას“ ყოფილი ჟურნალისტებისა და ოპერატორების ერთობლივ განცხადებაში.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ დეპუტატ ნატო ჩხეიძეს მიმართა, რომ ჟურნალისტებს ფულს არ უხდის, რაც სამარცხვინო საქციელია.

საპასუხოდ, ნატო ჩხეიძემ აღნიშნა, რომ მას ცილისწამების უფლება არ ჰქონდა. მისივე თქმით, ოპერატორების აჯანყება სუს-ის დადგმული ჩვეულებრივი სპექტაკლი იყო, რომელიც შემდეგ აჭარის ტელევიზიაში კარგად გაიმეორეს.

დღესვე განცხადება გაავრცელეს აჭარის ტელევიზიის ოპერატორებმა და ნატო ჩხეიძეს მათთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების უარყოფა სთხოვეს. მათი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსთვის მიმართვას აპირებენ.