ტელეკომპანია „ევრონიუსის" ეთერში ოკაცეს კანიონის შესახებ მომზადებული რეპორტაჟი გავიდა
ტელეკომპანია „ევრონიუსის" ეთერში ოკაცეს კანიონის შესახებ მომზადებული რეპორტაჟი გავიდა

ტელეკომპანია „ევრონიუსის“ რუბრიკაში „თავგადასავლები“ საქართველოს შესახებ მორიგი სიუჟეტი გავიდა.  სერია „ქართული თავგადასავლები“ ოკაცეს კანიონის შესახებ მოუთხრობს მაყურებელს.

„ქუთაისს მახლობლად მდებარე ეს მხარე ცნობილია ღრმა კანიონებით, ტყის ტბებით და სხვა თვალწარმტაცი ბუნებრივი ღირსშესანიშნაობებით“, – ამბობს „ევრონიუსის“ რეპორტიორი დენის ლოქტიერი.

რეპორტაჟში აღნიშნულია, რომ ოკაცეს კანიონის თავზე გაჭიმული 800 მეტრის სიგრძის ბილიკს წელიწადში 150 ათასი ტურისტი სტუმრობს. რეპორტაჟის ავტორის თქმით, იმისთვის, რომ ეს ადგილი ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს, ბილიკის გამჭვირვალე სავალი ნაწილის გაკეთება იგეგმება.

„ევრონიუსის“ ჟურნალისტი ექსტრემალური გართობის მოყვარულებს საქართველოს ყველაზე მაღალი ჩანჩქერიდან, კინჩხადან დაშვებას სთავაზობს.

რუბრიკა „ქართული თავგადასავლები“ მომზადებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ტურიზმის ადმინისტრაციის მხარდაჭერით. „ევრონიუსის“ ეთერში აღნიშნულ რუბრიკაში ასევე გავიდა რეპორტაჟები მტირალას ეროვნული პარკის, გუდაურისა და ბათუმის შესახებ.