სოციალური ქსელის, „ტელეგრამის“ დამფუძნებელი პაველ დუროვი აცხადებს, რომ საფრანგეთის საგარეო დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელი მას რუმინული კონსერვატიული ხმების აკრძალვას სთხოვდა რუმინეთში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ. ამის შესახებ დუროვმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
პაველ დუროვი ამჟამად საფრანგეთში სასამართლო ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება.
„ტელეგრამში“ ორგანიზებული დანაშაულის საქმის გამოძიების ფარგლებში მას საფრანგეთის დატოვება აკრძალული აქვს. „ტელეგრამის“ დამფუძნებელი პარიზში სასტუმრო Crillon-ში ცხოვრობს.
„ამ გაზაფხულზე სასტუმრო Crillon-ში, Salon des Batailles-ში ფრანგული დაზვერვის ხელმძღვანელმა, ნიკოლა ლერნერმა მთხოვა რუმინეთში არჩევნების წინ კონსერვატიული ხმების აკრძალვა. მე უარი ვთქვი. ჩვენ არ ვბლოკავთ დემონსტრანტებს რუსეთში, ბელარუსსა და ირანში. ჩვენ არ დავიწყებთ ამის კეთებას ევროპაში“, – დაწერა დუროვმა სოციალურ ქსელ X-ში.
როგორც მანამდე დუროვმა დაწერა, შეუძლებელია, „არჩევნებში ჩარევას“ არჩევნებში ჩარევით ებრძოლო.
„არ შეიძლება „დემოკრატიის დაცვა“ დემოკრატიის განადგურებით. არ შეიძლება, „არჩევნებში ჩარევას ებრძოლო“ არჩევნებში ჩარევით. სიტყვის თავისუფლება და სამართლიანი არჩევნები ან გაქვს, ან არა. რუმინელი ხალხი ორივეს იმსახურებს“, – დაწერა დუროვმა.
You can’t “defend democracy” by destroying democracy. You can’t “fight election interference” by interfering with elections. You either have freedom of speech and fair elections — or you don’t. And the Romanian people deserve both. 🇷🇴
— Pavel Durov (@durov) May 18, 2025
პაველ დუროვის განცხადება სოციალურ ქსელში გააზიარა აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სოციალური ქსელის, X-ის მფლობელმა ილონ მასკმა.
დუროვის ბრალდებებს უარყოფს საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელმაც მოუწოდა ყველას, „გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და პატივისცემა რუმინეთის დემოკრატიის მიმართ“.
„აბსოლუტურად დაუსაბუთებელი ბრალდებები ვრცელდება „ტელეგრამსა“ და „ტვიტერში“ რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში საფრანგეთის შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით. საფრანგეთი კატეგორიულად უარყოფს ამ ბრალდებებს და მოუწოდებს ყველას, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და პატივისცემა რუმინეთის დემოკრატიის მიმართ. გასული წლის დეკემბერში რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური სუვერენულად გააუქმა რუმინეთის კომპეტენტურმა ხელისუფლებამ რუსეთთან დაკავშირებული აქტორების მხრიდან რეალური ციფრული და ფინანსური ჩარევის შემდეგ. რუმინეთის ხელისუფლებისა და ევროკომისიის შემდგომმა გამოძიებებმა მოგვიანებით დაადასტურა ამ ჩარევების სერიოზულობა, მათ შორის TikTok-ის ალგორითმით მანიპულირებასთან დაკავშირებით. ამ კონტექსტში საფრანგეთის წინააღმდეგ ბოლოდროინდელი ბრალდებები მხოლოდ ყურადღების გადატანის მანევრია რუმინეთის წინააღმდეგ გამიზნული ჩარევის რეალური საფრთხისგან. საფრანგეთი მოუწოდებს რუმინეთის ყველა პოლიტიკურ აქტორს, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და დაიცვან დემოკრატია“, – ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
Completely unfounded allegations are circulating on Telegram and Twitter regarding alleged French interference in the Romanian presidential election.
France categorically rejects these allegations and calls on everyone to exercise responsibility and respect for Romanian… pic.twitter.com/PxFO7KnzDm
— France Diplomacy 🇫🇷🇪🇺 (@francediplo_EN) May 18, 2025
რუმინეთში 18 მაისს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება მოიპოვა ბუქარესტის მერმა, ნიკუშორ დანმა. შედეგების მიხედვით, ნიკუშორ დანმა ხმების 54,34 პროცენტი მიიღო, ხოლო ულტრამემარჯვენე ფრთის ლიდერმა, ჯორჯე სიმიონმა – 45,66 პროცენტი.
რუმინეთში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც გასული წლის დეკემბერში რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა პირველი ტურის შედეგები, რომელთა თანახმადაც, ყველაზე მეტი ხმა ულტრამემარჯვენე კანდიდატმა კალინ ჯორჯესკუმ მიიღო.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა განაცხადეს, რომ შედეგის ბათილად ცნობის გადაწყვეტილება მიიღეს სადაზვერვო დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც არჩევნების პირველ ტურზე რუსეთის გავლენას ადასტურებს. ამის შემდეგ კალინ ჯორჯესკუს წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, მათ შორის ფაშისტური ორგანიზაციის წევრობისა და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით. 9 მარტს რუმინეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ჯორჯესკუს განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა. ეს აკრძალვა ძალაში დატოვა რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომაც.