მოსკოვის ქუჩებში ათასობით ადამიანმა საკომუნიკაციო აპლიკაცია „ტელეგრამის“ დაბლოკვა გააპროტესტა.
დემონსტრანტები ჰაერში ქაღალდის თვითმფრინავებს უშვებდნენ და პოპულარულ აპლიკაციაზე დაწესებული აკრძალვის გაუქმებას მოითხოვდნენ. ქაღალდის თვითმფრინავი სიმბოლურია, რადგან ის აპლიკაციის ლოგოზეა გამოსახული.
აქციაზე ისმოდა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის საწინააღმდეგო შეძახილებიც.
რუსეთში „ტელეგრამის“ დაბლოკვა 16 აპრილს დაიწყეს. მიზეზი სასამართლო მოთხოვნისადმი კომპანიის დაუმორჩილებლობა გახდა, რაც უსაფრთხოების სამსახურებისთვის მომხმარებელთა დახურულ გზავნილებზე წვდომას შეეხებოდა. რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა დაშიფვრის გასაღებებზე წვდომა ტერაქტების პრევენციის მიზნით მოითხოვა.
შეტყობინებების აპლიკაცია ძირითადად რუსეთსა და ახლო აღმოსავლეთში გამოიყენება და 200 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.