ტელეგრამ არხი - „როტორში“ ქართველების ხელფასებმა სამართალდამცავთა ყურადღება მიიპყრო
ტელეგრამ არხი - „როტორში“ ქართველების ხელფასებმა სამართალდამცავთა ყურადღება მიიპყრო

ვოლგოგრადის „როტორმა“, სადაც 4 ქართველი ფეხბურთელი თამაშობს (ჯანო ანანიძე უკვე წამოვიდა), სამართალდამცავი ორგანოების ყურადღება მიიპყრო – ინფორმაციას ტელეგრამ-არხიმუტკო პროტივ“ ავრცელებს და ამტკიცებს, რომ მოთამაშეები ანაზღაურების ნაწილს კლუბის ხელმძღვანელებს უბრუნებენ.

საინტერესოა, რომ წერილის ობიექტად ქართველი ფეხბურთელები და მათი ხელფასებია.

„წყაროები, რომლებმაც ანონიმურად დარჩენა ისურვეს, იუწყებიან, რომ რამდენიმე მოთამაშე ხელფასის მნიშვნელოვან ნაწილს მისი მიღების შემდეგ უკან აბრუნებს. მათი უმეტესობა გუნდში ბოლო სატრანსფერო „ფანჯრის“ პერიოდში მივიდა. ამის დასტურად ტელეგრამ-არხს სახელფასების მონაცემები მოჰყავს. ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეები ანტონ პისკუნოვი და დანილ სტეპანოვი – 460 ათას რუბლს, ილია ჟიგულევი – 520 ათასს იღებენ. მაგრამ 22 წლის ბექა მიქელთაძეს (ორი მატჩი ჩაატარა) და კლუბის მესამე მეკარე იოსიპ ჩონდრიჩს (0 მატჩი) 950-950 ათას რუბლი აქვთ. ნიკა ყიფიანსა და პატრიციო მატრიკარდს, რომლებსაც „როტორში“ არც ერთ მატჩში არ უთამაშიათ, შესაბამისად, 920 ათასი (დაახლოებით, 12 200 დოლარი) და 780 ათასი (დაახლოებით, 10 300 დოლარი) იღებენ,“ – ამტკიცებს „მუტკო პროტივ”.

ტელეგრამ არხის ინფორმაციაში ჯანო ანანიძის მიმართ გაღიზიანებული ტონი იგრძნობა: „ვოლგოგრადის „როტორის“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე ახალწვეული ჯანო ანანიძე იყო – ის 1,7 მილიონ რუბლს იღებდა (დაახლოებით, 22 660 დოლარს), მაგრამ ერთხელაც არ უთამაშია, ამ დროს, ჯანო ვოლგოგრადში მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა – ხელშეკრულების გაფორმების დღეს. ამის შემდეგ იგი მოსკოვში ფორმაში შესასვლელად გაემგზავრა. დღეს კლუბმა ფეხბურთელთან კონტრაქტი გააუქმა. ესეც საინტერესო მომენტია – ანანიძის „როტორში“ გადასვლამდე, ჟურნალისტმა სერგეი ეგოროვმა აღნიშნა, რომ ვოლგოგრადში ჯანო ერთ მილიონ რუბლს მიიღებდა. თუმცა ხელშეკრულებაში 1,7 მილიონი მანეთი წერია“.