„ტელეგრამ“ არხებზე ვრცელდება ცნობები, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვთან მოულოდნელი შეტევა განახორციელეს
„ტელეგრამ“ არხებზე ვრცელდება ცნობები, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვთან მოულოდნელი შეტევა განახორციელეს

უცხოელი ექსპერტები აცხადებენ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვთან მოულოდნელი შეტევა განახორციელეს. უკრაინულ და რუსულ „ტელეგრამ“ არხებზე გავრცელდა ცნობები, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევაზე გადავიდნენ ქალაქ ბალაკლეასთან, ხარკოვის ოლქში. ეს ქალაქი რუსეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან იზიუმის სიახლოვეს მდებარეობს.

რამდენიმე რუსი სამხედრო ბლოგერი წერს, რომ უკრაინელებმა დაიკავეს დასახლება ვერბოვკა, სადაც სავარაუდოდ რუსეთის სამხედრო არსენალი იყო განლაგებული.სხვადასხვა დაუდასტურებელი ცნობებით, ახლა ბრძოლა ქალაქ ბალაკლეას მისადგომებთან გრძელდება.

ინტერნეტში ვრცელდება ქალაქში აფეთქებული ხიდების სურათები. სამხედრო ექსპერტი, სენტ ენდრიუსის უნივერსიტეტის სტრატეგიული კვლევების პროფესორი ფილიპს ობრაიენი წერს, რომ ამ რაიონში უკრაინელმა სამხედროებმა რუსებისთვის მოულოდნელი ქმედებები განახორციელეს.

„მივიღე ინფორმაცია, რომ რუსებს ჰქონდათ ცნობა ხარკოვთან შეტევის შესახებ, თუმცა უბრალოდ ვერაფრით უპასუხეს. თუ ეს სიმართლეა, მაშინ ეს რუსეთის არმიაში არსებულ სხვაგვარ არეულობაზე მიუთითებს და აჩვენებს, რომ რუსეთის არმიას მოქნილობა აკლია“, – წერს ობრაიენი.

კიდევ ერთი ცნობილი სამხედრო ექსპერტი ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი წერს, რომ რუსულ „ტელეგრამ“ არხების საშუალებით რამდენიმე თვის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ხარკოვთან უკრაინელი სამხედროების კონცენტრაცია იზრდება, თუმცა მიუხედავად ამისა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მაინც შეძლეს მოულოდნელობის ეფექტის მიღწევა.

უკრაინული ოფიციალური პირები ჯერ ხარკოვთან შეტევის შესახებ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა „ტელეგრამ“ არხში დაწერა: „კარგი დღე“. ერმაკის მრჩეველმა, სერგეი ლეშენკომ კი, „ტვიტერში“ დაწერა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის დღეს საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში შესანიშნავი ამბავი ექნება ხარკოვთან კონტრშეტევის შესახებ.