„ტელეგრაფი“ - რუსეთი „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერებიდან ნატო-ს ქვეყნებს უთვალთვალებს, თუმცა ნატო ამის წინააღმდეგ არაფერს აკეთებს, მაშინაც კი, თუ დივერსია დადასტურდა
„ტელეგრაფი“ - რუსეთი „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერებიდან ნატო-ს ქვეყნებს უთვალთვალებს, თუმცა ნატო ამის წინააღმდეგ არაფერს აკეთებს, მაშინაც კი, თუ დივერსია დადასტურდა

რუსეთი თავისი „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერებიდან ნატო-ს ქვეყნებს უთვალთვალებს და მათ საზღვაო კომუნიკაციების საბოტაჟად იყენებს, თუმცა ევროპა კვლავ ერიდება მტკიცე პასუხის გაცემას და თავს იმართლებს, თითქოს ხელები შეკრული აქვს, – ამის შესახებ „ტელეგრაფის“ სტატიაშია აღნიშნული.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, „ნატო არაფერს აკეთებს „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ, მაშინაც კი, თუ დივერსია დადასტურდა“.

გამოცემა წერს, რომ რუსეთი დასავლეთის წინააღმდეგ აგრესიის დროს საერთაშორისო საზღვაო სამართლის სისუსტესა და მოძველებას იყენებს.

„ნატო-ს ქვეყნებს შეუძლიათ, უფრო გადამწყვეტად იმოქმედონ „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერების წინააღმდეგ. მაგალითად, მათ შეიძლება, აეკრძალოთ ბალტიის ზღვაზე შესვლა დანიის სრუტის გავლით უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი მიზეზების გამო, თუმცა ევროპულ სახელმწიფოებს ეშინიათ ამის გაკეთების, რადგან ისინი ამას საზღვაო სამართლის დარღვევად მიიჩნევენ“, – წერს „ტელეგრაფი“.

გამოცემას მაგალითად მოჰყავს გასული წლის ინციდენტი, როდესაც ტანკერმა Eagle S-მა ბალტიის ზღვის ფსკერზე ღუზა გადაიტანა და რამდენიმე წყალქვეშა კაბელი დააზიანა.

„მიუხედავად უამრავი მტკიცებულებისა, რომ სწორედ ამ ტანკერმა დააზიანა კაბელები, ჰელსინკის რაიონულმა სასამართლომ ოქტომბერში გემის ეკიპაჟის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ბრალდება მოხსნა. მოსამართლეებმა გადაწყვეტილება არა საქმის არსებით მხარეზე, არამედ იურისდიქციაზე დაყრდნობით მიიღეს: დივერსია არა ფინეთის ტერიტორიულ წყლებში, არამედ მის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში მოხდა. ამიტომ, საერთაშორისო საზღვაო სამართლის შესაბამისად, ეკიპაჟი არა ფინეთში, არამედ იმ სახელმწიფოში უნდა გაასამართლონ, რომლის დროშის ქვეშაც დაცურავდა“, – წერს გამოცემა.