„ტელეგრაფი“ – ევროკავშირი უკრაინის კონფლიქტის გადასაწყვეტად რუსეთთან შუამავლობისთვის ხუთ კანდიდატს განიხილავს
ევროკავშირი უკრაინის კონფლიქტის გადასაწყვეტად რუსეთთან შუამავლობისთვის ხუთ კანდიდატს განიხილავს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ტელეგრაფი“ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, შესაძლო მომლაპარაკებლებს შორის არიან იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი, ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი, ასევე დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გაჰრ სტორე.
გაზეთის ცნობით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ, რომელიც ადრე კანდიდატად განიხილებოდა, ბრიუსელში ცოტა ხნის წინ გამართულ შეხვედრაზე უარი თქვა.
„ტელეგრაფი“ წერს, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ევროკავშირში სულ უფრო იზრდება მოლაპარაკებაში მონაწილე წარმომადგენლების პოვნის სურვილი, რაც გამოწვეულია შეშფოთებით, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აღარ წარმოადგენს სათანადოდ ევროპის კონტინენტის ინტერესებს.
„ევროპამ გააცნობიერა, რომ, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა კონსენსუსი იმის თაობაზე, რომ რუსებთან მოლაპარაკებები უნდა ვაწარმოოთ; მეორეც, საჭიროა კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, როგორი უნდა იყოს ეს პოზიცია“, – განაცხადა ინფორმირებულმა წყარომ.