„ტელეგრაფი“ - დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია არაბთა გაერთიანებულ საამიროებს მოუწოდებს, უფრო აქტიურად ჩაერთოს ირანთან ომში და სპარსეთის ყურეში ირანის ერთ-ერთი კუნძული დაიკავოს
„ტელეგრაფი“ - დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია არაბთა გაერთიანებულ საამიროებს მოუწოდებს, უფრო აქტიურად ჩაერთოს ირანთან ომში და სპარსეთის ყურეში ირანის ერთ-ერთი კუნძული დაიკავოს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია არაბთა გაერთიანებულ საამიროებს მოუწოდებს, უფრო აქტიურად ჩაერთოს ირანთან ომში და სპარსეთის ყურეში ირანის ერთ-ერთი კუნძული დაიკავოს, – ამის შესახებ „ტელეგრაფი“ ტრამპის ადმინისტრაციის ყოფილ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.

როგორც გამოცემა წერს, საუბარია კუნძულ ლავანზე, რომელიც სპარსეთის ყურეში ირანის სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს. მათივე ინფორმაციით, აპრილის დასაწყისში არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე ირანის იერიში სწორედ ამ კუნძულიდან განხორციელდა.

„წადით და აიღეთ ის. ეს იქნებოდა არაბთა გაერთიანებულ საამიროების ჩექმები მიწაზე აშშ-ის ნაცვლად“, – „ტელეგრაფის“ ცნობით, განუცხადა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა არაბთა გაერთიანებულ საამიროების ხელისუფლებას.

გამოცემის ცნობით, ომის დაწყების შემდეგ საამიროები თეირანის თავდასხმის ერთ-ერთი მთავარი ობიექტი გახდა. სამეფოს მიმართულებით ირანმა 2 800-ზე მეტი რაკეტა და დრონი გაუშვა. შედეგად კი, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა გააძლიერა ურთიერთობები ამერიკასთან და ისრაელთან, ამავდროულად, მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის საუდის არაბეთთან, ურთიერთობა დაეძაბა. მედიის ცნობით, საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების დაახლოების ნაცვლად, ომმა კიდევ უფრო გააღრმავა მათ შორის განხეთქილება.