„ტელეგრაფი“ - დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტრამპს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შესანარჩუნებლად უკრაინაში 30 ათასამდე ევროპელი სამხედროს განლაგების გეგმას წარუდგენს
„ტელეგრაფი“ - დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტრამპს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შესანარჩუნებლად უკრაინაში 30 ათასამდე ევროპელი სამხედროს განლაგების გეგმას წარუდგენს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი დონალდ ტრამპს წარუდგენს უკრაინაში 30 ათასამდე ევროპელი სამხედროს განლაგების გეგმას ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შესანარჩუნებლად. ინფორმაციას ბრიტანული „ტელეგრაფი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მოსალოდნელია, რომ სტარმერი მომავალ კვირას, ვაშინგტონში შეხვედრისას დეტალურად აღწერს, თუ როგორ შეძლებენ ევროპული ძალები ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერი შეთანხმების დაცვას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შუამავლობით გაფორმდება.

დასავლელი მაღალჩინოსნები თქმით, რომლებიც ინფორმირებული არიან ამ გეგმის შესახებ, სტარმერი მოუწოდებს ტრამპს, შეინარჩუნოს ამერიკული გამანადგურებლები და რაკეტები მზადყოფნაში აღმოსავლეთ ევროპაში, რათა სათანადო პასუხი გასცეს რუსეთს, თუ მოსკოვი დაარღვევს ზავის პირობებს.

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ სტარმერი ტრამპთან შეხვედრაზე დაასაბუთებს, რომ ვაშინგტონის ინტერესებშია, აშშ დარჩეს ჩართული რუსეთის უკრაინაში შესაძლო მომდევნო შეჭრის პრევენციაში.

გეგმის თანახმად, უკრაინის ქალაქებში, პორტებსა და კრიტიკული მნიშვნელობის მქონე სხვა ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე, როგორიცაა ატომური ელექტროსადგურები, დღევანდელი ფრონტის ხაზიდან მოშორებით განთავსდება 30 ათასამდე ევროპელი სამხედრო მოსამსახურე.

ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნა, რომ, უკრაინის ტერიტორიაზე დიდი სამხედრო კონტინგენტის განთავსების ნაცვლად, მისია დაეყრდნობა „ტექნიკურ მონიტორინგს“, მათ შორის სადაზვერვო თვითმფრინავებს, დაკვირვებას, უპილოტო საფრენ აპარატებსა და თანამგზავრებს, რათა „მოვლენების სრული სურათი“ იყოს ცნობილი.

მედიის ცნობით, ოპერაცია განმტკიცებული იქნება საკმარისი საცეცხლე სიმძლავრით, რომ „მონიტორინგი გაუწიოს და მოიგერიოს თავდასხმები“, რათა კვლავ გაიხსნას უკრაინის საჰაერო სივრცე და განახლდეს კომერციული ფრენები.

„ტელეგრაფი“ წერს, რომ, სტარმერის გეგმის მიხედვით, სამხედრო-საზღვაო საპატრულო ხომალდები გაიგზავნება შავ ზღვაში, რათა კომერციული სანაოსნო გზების მიმართ რუსეთიდან მომავალ საფრთხეებს გაუწიონ მონიტორინგი.

როგორც „ტელეგრაფი“ წერს, „ეს გეგმა არ შეესაბამება ზელენსკის წინადადებას, რომელიც უკრაინაში 200 ათასი სამხედროსგან შემდგარი მისიის განთავსებას ითვალისწინებს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ გერმანია, ესპანეთი და იტალია ეწინააღმდეგებიან სამშვიდობო მისიის განლაგებას უკრაინაში, ევროპის შესაძლებლობები უკრაინის მომავლის უზრუნველსაყოფად შეზღუდულია“.

პარიზში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ სტარმერმა განაცხადა, რომ ასეთი ოპერაცია საჭიროებს აშშ-ის მხარდაჭერას, რაც რუსეთის შესაძლო ხელახალ თავდასხმებს შეაკავებს.

ეს მხარდაჭერა, შეიძლება, მოიცავდეს რუმინეთსა და პოლონეთში განლაგებულ ამერიკულ გამანადგურებლებს, რომლებიც მზად იქნებიან, უპასუხონ რუსეთის შემდგომ აგრესიას.

გეგმის მიხედვით, ნატო-ს აღმოსავლეთ საზღვრებზე, შესაძლოა, განლაგდეს გაცილებით დიდი მრავალეროვნული სახმელეთო კონტინგენტი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება, გადაისროლონ უკრაინაში ევროპული ძალების დასაცავად.

„ტელეგრაფის“ მიხედვით, ეს სტრატეგია ასევე შეესაბამება გრძელვადიან პოლიტიკას, რომ ნატო-ს ჯარი არ იყოს ჩათრეული რუსეთის ჯართან პირდაპირ კონფრონტაციაში.

„არსებობს იმედი, რომ ტრამპი მხარს დაუჭერს ამ სტრატეგიას, რადგან ეს ნიშნავს, რომ ამერიკული ჯარები არ იქნებიან განლაგებული უკრაინაში ომის შემდეგ“, – წერს გამოცემა.

„ევროპელმა ჩინოვნიკმა აცნობა „ტელეგრაფს“, რომ ნატო-ს ასევე მოუწევს, დაიწყოს დისკუსია მე-5 მუხლის შესახებ, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ თავდასხმა ნატო-ს ერთ წევრზე არის თავდასხმა ყველაზე. მიუხედავად იმისა, მოსალოდნელი არ არის, რომ ეს დებულება გავრცელდება უკრაინაში განლაგებულ ევროპელ სამხედროებზე, მაგრამ ზოგიერთი ქვეყანა დაჟინებით მოითხოვს, რომ ის ძალაში დარჩეს, თუ მოსკოვი გადაწყვეტს, თავს დაესხას მათ ტერიტორიას ჯარების დისლოცირების გამო“, – ნათქვამია სტატიაში.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა 17 თებერვალს დაადასტურა, რომ სტარმერი მომავალ კვირაში ვაშინგტონში ჩავა და შეხვდება აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს.