„ტელეგრაფი“ - ბერლინს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხის გადადება სურს, რადგან რუსეთთან შესაძლო ომის საშიშროებას ხედავს
ბრიტანული „ტელეგრაფის“ ცნობით, ბერლინს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხის გადადება სურს, რადგან რუსეთთან შესაძლო ომის საშიშროებას ხედავს. ამის შესახებ „ტელეგრაფთან“ საუბარში ანონიმურმა წყარომ განაცხადა.
როგორც „ტელეგრაფის“ წყარო ამტკიცებს, მომდევნო კვირაში ვილნიუსში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე გერმანია გამოვა მოწოდებით, რომ მოკავშირეებმა ყურადღება გაამახვილონ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე და არა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების თემაზე.
„ტელეგრაფის“ ცნობით, ბერლინს არ სურს, რომ პუტინმა გამოცადოს ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლი ანუ კოლექტიური თავდაცვა. ეს მუხლი ითვალისწინებს, რომ ნატო-ს ერთ წევრ სახელმწიფოზე თავდასხმა მთელ ალიანსზე თავდასხმას ნიშნავს.
მანამდე უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე ისაუბრა აშშ-ის პრეზიდენტმა. ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ეს ნაადრევია, რადგან ამ თემაზე ალიანსში ერთსულოვანი პოზიცია არ არსებობს.