„ტელეგრაფი“ - აშშ-ის პრეზიდენტს გამარჯვების ფონდის შექმნა სურს, რომელიც ჩინეთისთვის დაწესებული ტარიფებით მიღებული შემოსავლიდან უკრაინას დააფინანსებს
აშშ-ის პრეზიდენტს გამარჯვების ფონდის შექმნა სურს, რომელიც უკრაინას ჩინეთისთვის დაწესებული ტარიფებით მიღებული შემოსავლიდან დააფინანსებს. ამის შესახებ „ტელეგრაფი“ წერს. როგორც ცნობილია, ტრამპმა სახაზინო მდივანს, სკოტ ბესენტს მოუწოდა, წარუდგინოს ეს გეგმა ევროპელ კოლეგებს უკრაინის პრეზიდენტის ვაშინგტონში ვიზიტამდე.
„ჩვენი უკრაინელი და ევროპელი მოკავშირეები მზად უნდა იყვნენ, გამოგვყვნენ. ჩვენ ვუპასუხებთ, თუ ჩვენი ევროპელი პარტნიორები შემოგვიერთდებიან“, – განაცხადა ბესენტმა.
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ეს ქმედება მიუთითებს ტრამპის პოზიციის რადიკალურ ცვლილებაზე უკრაინასთან მიმართებაში.
„ტელეგრაფი“ ასევე წერს, რომ ომის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ნატო-ს წევრი ქვეყნების მინისტრებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ თუ რუსეთი გააგრძელებს სამშვიდობო მოლაპარაკებების იგნორირებას, მაშინ აშშ მზად იქნება, დაეხმაროს უკრაინას იმ გზებით, რომელიც მხოლოდ ამერიკისთვისაა ხელმისაწვდომი.
ამერიკის პრეზიდენტის სტრატეგია ითვალისწინებს ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე 500-პროცენტიანი ტარიფების დაწესებას, ხოლო მიღებული სარგებელი უკრაინის ჯარის შეიარაღებას მოხმარდება. გეგმის მიზანია, მაქსიმალური ეკონომიკური ზეწოლა მოახდინოს რუსეთის პრეზიდენტზე, ვლადიმერ პუტინზე.