თელავში ყოფილი „ინტურისტის“ შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს
თელავში ყოფილი „ინტურისტის“ შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს

თელავში ყოფილი „ინტურისტის“ შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს. შენობა, რომელიც გასული საუკუნის 70-იან წლებშია აგებული და თელავის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად მიიჩნეოდა, სპეციალისტების აზრით, სეისმურად მდგრადი არ არის.

როგორც პირველ არხს ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის პრესსამსახურში განუცხადეს, ახალი პროექტით 12-სართულიანი შენობის ადგილას 5-სართულიანი სასტუმროს აშენება იგეგმება. სასტუმროს კონცეფციის მთავარი აქცენტები ღვინის თემატიკა და გასტრონომია იქნება. მათივე განცხადებით, სასტუმროს მაკეტი იტალიელი არქიტექტორი მიქელე დელუკის პროექტით შეიქმნა.

პროექტის მიხედვით, ახალი სასტუმრო 130-ნომრიანი იქნება, ორი საცურაო აუზით, განსაკუთრებული ინტერიერითა და ხედებით. ამასთან, დაცული იქნება სასტუმროს შენობის ქვეშ არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე, ვახვახიშვილების XVIII-ე საუკუნის უნიკალური მარანი.

კომპანიაში აცხადებენ, რომ უფუნქციოდ დარჩენილი ყოფილი „ინტურისტის“ შენობის დემონტაჟი აფეთქების ნაცვლად, ხელით განხორციელდება.

ახალი სასტუმროს მშენებლობისთვის 10-13 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებაა დაგეგმილი.