თელავში სოციალური მუშაკების გაფიცვა გრძელდება
თელავში სოციალური მუშაკების გაფიცვა გრძელდება

კახეთის რეგიონში მომუშავე სოციალური მუშაკები მეორე დღეა, გაფიცულები არიან. ისინი თელავის ცენტრალურ მოედანზე დღეს კვლავ შეიკრიბნენ.

სოციალური მუშაკები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და გაწეული შრომის შესაბამის ანაზღაურებას ითხოვენ.

როგორც საქართველოს პირველ არხს კახეთის სოციალური სამსახურის თანამშრომელმა, ნინო ელიოზიშვილმა განუცხადა, რეგიონის სოციალური მუშაკები სოლიდარობას უცხადებენ საქართველოს სხვა რეგიონებში დასაქმებულ კოლეგებს. ისინი ბენეფიციარებისთვის ეფექტური და მყისიერი მომსახურების მეთოდის შექმნას და ხელისუფლებისგან სისტემური ცვლილებების განხორციელებას ითხოვენ.

„კახეთის სამხარეო ცენტრის თელავის ჯგუფის სოციალური მუშაკები გავიფიცეთ, რადგან თავად დაუცველები  ვერ დავიცავთ სხვის უფლებებს, არ გვაქვს გაწეული შრომისა და პასუხისმგებლობების შესაბამისი ანაზღაურება. ვიფიცებით, რათა გადავარჩინოთ სოციალური სამუშაო”,- ნინო განაცხადა ელიოზიშვილმა

კახეთის სამხარეო ცენტრის სოციალური მუშაკები ამბობენ, რომ აქცია  გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

სოციალური მუშაკების აქციას არასამთავრობო ორგანიზაცია „ვორლდ ვიჟენი” და სახალხო დამცველის წარმომადგენელი შეუერთდნენ.